გიორგი კახიანი - კანონის წინაშე პასუხისმგებელია ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, მელია რამეთი განსხვავდება ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან, თუ პოლიტიკოსობა ინდულგენციაა
მმართველი გუნდის წარმომადგენლის, გიორგი კახიანის განცხადებით, როდესაც ადამიანი არღვევს კანონს, მას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება.
მისივე თქმით, ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯურის გადაგდებით დაარღვია კანონი, კანონის უზენაესობა კი გულისხმობს იმას, რომ ყველა პასუხისმგებელია კანონის წინაშე, იქნება ეს პარლამენტის წევრი, თუ ჩვეულებრივი მოქალაქე.
გიორგი კახიანის განცხადებით, პოლიტიკური თვალსაზრისით, არანაირი სურვილი არ აქვს, რომ მელია არჩევნებში სამართლებრივი რეგულაციების პირობებში დამარცხდეს.
„ძალიან მარტივადაა საქმე. როდესაც კანონი ირღვევა, ბუნებრივია, კანონდარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ამ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან კონკრეტული რეაგირება მოხდა, მიმართვა სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. სრულიად ლოგიკური შემთხვევა, ჩვეულებრივი ამბავია, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა, მაგრამ მეორე მხრივ, პოლიტიკურად თუ მკითხავთ, მე პირადად საერთოდ არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ მელია არჩევნებში დამარცხდეს რაღაც სამართლებრივი რეგულაციების პირობებში. პირადად, ვისურვებდი, რომ ჩვეულებრივად შეძლოს, მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში, იმედი მაქვს, ასე მოხდება, თუმცა ასევე ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ მან დაარღვია კანონი და ამ კანონის დარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
დავანებოთ თავი ამ შემთხვევაში მელიას, წარმოვიდგინოთ ნებისმიერი სხვა ადამიანი, ზუსტად იგივე დარღვევა რომ ჩაიდინოს, მოიხსნას სამაჯური და გადაადგოს რბილად რომ ვთქვათ, აუცილებლად შესაბამისი სამართლებრივი შედეგი დადგება. მელია რამეთი განსხვავდება ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან, თუ პოლიტიკოსობა ინდულგენციაა? პოლიტიკურად თუ მკითხავთ, ვისურვებდი, არანაირი სამართლებრივი რეაგირება მასზე არ მოხდეს, რადგან ყოველგვარი რეაგირების გარეშე უნდა დამარცხდეს არჩევნებში და ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით თუ მეკითხებით, კანონის უზენაესობა გულისხმობს იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა, პარლამენტის წევრი ჩაიდენს დანაშაულს, თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, კანონის წინაშე ყველა პასუხისგებელია“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
ნიკა მელიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 25 ივნისს 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე წაუყენა. მას 2019 წლის 3 ივლისს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 100 ათასი ლარის შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს.