პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 100 ათასი ლარის შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს
პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 100 ათასი ლარის შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს

პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 100 ათასი ლარის შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

„პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ბაია ცანავამ.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზეა ჩანიშნული.

„ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ, პირველ ნოემბერს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც ოპოზიცია არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებდა, სამაჯური, რომელიც შებმული ჰქონდა პრობაციის ეროვნული სამსახურის მიერ, ხალხში მოისროლა. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ აღნიშნული სამაჯურის ტარებას აღარ აპირებდა.

ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური 2019 წლის 3 ივლისს დაუმაგრეს. მანამდე, 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა. ნიკა მელიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 25 ივნისს 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე წაუყენა.