გიორგი კახიანი - იუსტიციის მინისტრის გადადგომაზე არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლოა
იუსტიციის მინისტრის გადადგომაზე არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლოა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომაზე.
მისი თქმით, მსგავსი რიტორიკა შესაძლოა, ოპოზიციურ პარტიებს ახასიათებდეს, თუმცა სამოქალაქო სექტორს ასეთი პოლიტიკური განაცხადი არ შეეფერება.
„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლოდ მიგვაჩნია. გვახსოვს, როგორ ხდებოდა ძველი ხელისუფლების პირობებში მთავარი პროკურორების თანამდებობებზე გამწესება. კერძოდ, მაშინ როდესაც ძალიან მარტივად იუსტიციის მინისტრი წარუდგენდა პრემიერ-მინისტრს კანდიდატურას და პრემიერ-მინისტრი მთავარ პროკურორს ნიშნავდა თანამდებობაზე.
ეს პროცედურა ჩვენ ჩავანაცვლეთ ძალიან გამჭვირვალე, მრავალსაფეხურიანი პროცედურით, რა პროცესშიც არის ჩართული, როგორც აკადემიური, ასევე არასამთავრობო სექტორი. ამ პროცესში ჩართული არიან თავად პროკურორები, ბუნებრივია, თავად ისინი იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს მთავარი პროკურორი.
ამ პროცესში ჩართულნი არიან ასევე მოსამართლეები, მთავრობა, საქართველოს პარლამენტი – ამაზე გამჭვირვალე პროცესი და ამაზე უფრო მრავალსაფეხურიანი პროცესი არ ვიცი, რა შეიძლება არსებობდეს სხვა სახელმწიფოებში“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
მისი აზრით, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის მიმართ, რომელიც საკმაოდ გამჭვირვალედ მიმდინარეობს, კითხვები არ უნდა არსებობდეს.
„ვფიქრობ, ამ პროცესის მიმართ არანაირი კითხვები არ შეიძლება არსებობდეს და ბუნებრივია, როდესაც თავად პროცესი და პროცედურა არის სწორად გაწერილი, ამ პროცესის შედეგად შერჩეული კანდიდატიც იქნება ღირსეული. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მათი მოთხოვნა მინისტრის გადადგომის თაობაზე მიგვაჩნია უსაფუძვლოდ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა. როგორც არასამთავრობოების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თუ თეა წულუკიანი არ გადადგება, მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესში არ ჩაერთვებიან.