გიორგი კახიანი - სრულიად მიუღებელია საფუძვლები, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნა კითხვებს მიჩენს, რამ გამოიწვია მათი პოზიცია, პირველ რიგში, იმიტომ რომ თავად განაცხადი პოლიტიკური ხასიათისაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი რიტორიკა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შეეფერება და არა არასამთავრობო სექტორს, რადგან ეს საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას ემსახურება.
გიორგი კახიანის თქმით, სრულიად მიუღებელია საფუძვლები, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს.
„მათი არგუმენტები ძალიან ზედაპირულია. ისინი ამბობენ, თითქოს, მთელი ამ ხნის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო თავის საქმიანობაში ეფექტური ვერ იყო. იუსტიციის სამინისტროს მიმართ ასეთი ბრალდების წაყენება ჩემთვის მართლაც გასაკვირია, რადგან სამინისტროს საქმიანობას ბოლო ექვსი წელიწადია, აქტიურად ვადევნებ თვალს, ამ სამინისტროდან მომდინარე რეფორმებში აქტიურად ვიყავი ჩართული და არ ვიცი, როგორ შეიძლება, ადამიანმა ვერ დაინახო ის უზარმაზარი სამუშაო, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გასწია“, – განაცხადა კახიანმა.
როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრო ძალიან აქტიურად იყო ჩართული რეფორმისტული ხასიათის კანონპროექტების მიღებაში.
„დღეს რომ ვიზალიბერალიზაცია გვაქვს, ეს მარტივად არ მომხდარა. ამას წინ უზარმაზარი, კოლოსალური საკანონმდებლო საქმიანობა უძღოდა და ამ პროცესში ლომის წვლილი სწორედ იუსტიციის სამინისტროს მიუძღვის. ავიღოთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები და კიდევ მრავალი, რომელი ერთი ჩამოვთვალო?!“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა. როგორც არასამთავრობოების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თუ თეა წულუკიანი არ გადადგება, მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესში არ ჩაერთვებიან.