გიორგი კახიანი - არანაირი წინაპირობა, რომ უმრავლესობის ერთიანობას საფრთხე ემუქრებოდეს, არ არსებობს 
გიორგი კახიანი - არანაირი წინაპირობა, რომ უმრავლესობის ერთიანობას საფრთხე ემუქრებოდეს, არ არსებობს 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი გედევან ფოფხაძის მიერ გადაწყვეტილების შეცვლასა და საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში დარჩენას არ გამორიცხავს.

როგორც კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს გედევან ფოფხაძის გადასაწყვეტია.

„არ გამოვრიცხავ, რომ მან თავისი გადაწყვეტილება შეცვალოს. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ უმრავლესობის რიგებში დარჩეს და ფრაქცია დატოვოს. ეს მისი გადასაწყვეტია. ვერც წარმომიდგენია, რომ გედი არ იყოს ჩვენი თანაგუნდელი“, – განაცხადა კახიანმა.

ამასთან, მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაში სტაბილური მდგომარეობაა და არანაირი წინაპირობა, რომ უმრავლესობის ერთიანობას საფრთხე ემუქრებოდეს, არ არსებობს.

„რაც შეეხება უმრავლესობაში არსებულ მდგომარეობას, მეჩვენება, რომ გადაჭარბებულად ხდება ტრაგიკული მდგომარეობის დახატვა. ნამდვილად არ არის ასე და უმრავლესობის შიგნით ბევრად უფრო სტაბილური მდგომარეობაა, ვიდრე ეს შეიძლება ამ ბოლო დღეებში გამოჩნდა.

116 წევრისგან შედგება უმრავლესობა და ბუნებრივია, კონკრეტულ პირებს შორის შეიძლება რაღაც უთანხმოება არსებობდეს, რაც სავსებით ბუნებრივი პროცესია. ამ ეტაპზე, არანაირი წინაპირობა იმისა, რომ უმრავლესობის ერთიანობას რამე საფრთხე ემუქრებოდეს, არ არსებობს“, – განაცხადა კახიანმა.

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ გუშინ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილება მმართველი გუნდის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.