გიორგი გვიმრაძე - საყოველთაო ჯანდაცვაზე გიორგი ვაშაძის სტატიის სათაური ამაზე უკეთ ვერც იქნებოდა შერჩეული, რადგან სწორედ იმ კონტექსტს გამოხატავს, რომელშიც ეს პროექტი გიორგი ვაშაძემ წარმოადგინა
გიორგი გვიმრაძე - საყოველთაო ჯანდაცვაზე გიორგი ვაშაძის სტატიის სათაური ამაზე უკეთ ვერც იქნებოდა შერჩეული, რადგან სწორედ იმ კონტექსტს გამოხატავს, რომელშიც ეს პროექტი გიორგი ვაშაძემ წარმოადგინა

სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჩემი აზრით, სტატიის სათაური ამაზე უკეთ ვერ იქნებოდა შერჩეული, რადგან სათაური სწორედ იმ კონტექსტს გამოხატავს, რომელ კონტექსტშიც ეს პროექტი გიორგი ვაშაძემ წარმოადგინა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

საუბარია 1tv.ge-ზე განთავსებულ ინფორმაციაზე სახელწოდებით – გიორგი ვაშაძე საყოველთაო ჯანდაცვაზე – ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს.

„რატომ?! იმიტომ, რომ ეს სათაური სწორედაც რომ იმ კონტექსტს გამოხატავდა, რომელ კონტექსტშიც გიორგი ვაშაძის ეს პროექტი იყო წარმოდგენილი. საუბარია პროექტზე, რომელიც ჯანდაცვის იმ რეფორმას ეხება, რომელზეც ის საუბრობს“, – განაცხადა გვიმრაძემ.

მისი თქმით, გიორგი ვაშაძე, ერთი შეხედვით, სწორ საკითხს აყენებს, როდესაც საუბარია ჯანდაცვაში პრევენციულ ჩარევაზე, რომ ადამიანებს მანამ უნდა დაეხმარო, ვიდრე ლეტალური შედეგი გარდაუვალი გახდება და ალბათ, ყველაზე სწორი იქნება, ჯანდაცვაში საკმაოდ დიდი რესურსი აქეთკენ მიიმართოს, მაგრამ ფორმა, რომლითაც გიორგი ვაშაძე ამ საკითხზე საუბრობდა, არის ეფექტურობის ელემენტიდან, ანუ, ფინანსების ეფექტური მართვის ამოცანიდან გამოსული და არა ჯანდაცვაზე, როგორც სოციალურ- მზრუნველობით ელემენტზე საუბარი.

„აქ საუბარია იმაზე, სად უმჯობესია და სად უფრო ეფექტური იქნებოდა თანხის მიმართვა იმისთვის, რომ ჯანდაცვიდან გამომდინარე უფრო დიდი ეფექტი მივიღოთ და არა იმაზე, რომ ჯანდაცვა ეს სოციალური ზრუნვის საგანია. ჩემი აზრით, მათი პოლიტიკა არის არა სოციალური მზრუნველობიდან გამომდინარე, არამედ – ჯანდაცვის მენეჯმენტიდან გამომდინარე“, – განაცხადა გვიმრაძემ.

გვიმრაძემ ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სათაური, ე.წ ჰედლაინი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით იყო გამოტანილი, იყო კონტექსტის ზედმიწევნით კარგად აღმწერი, იმ კონტექსტისა, რომელ კონტექსტშიც ეს პროგრამა იყო წარმოჩენილი გიორგი ვაშაძის მიერ.

„ანუ, ამ სათაურში სწორად იყო წარმოჩენილი კონტექსტი იმისა, რომ შენი პროგრამა ჯანდაცვის მენეჯმენტს ეხება და არა სოციალურ მზრუნველობას“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.