გიორგი ვაშაძე საყოველთაო ჯანდაცვაზე - ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს [ვიდეო]

სიმსივნით დაავადებულ ადამიანს ვმკურნალობთ ქიმიოთერაპიით, როცა ვიცით, რომ ამან შეიძლება ექვსი თვით გაუხანგრძლივოს ცხოვრება, მაგრამ ამის ნახევარს არ ვხარჯავთ, რომ ამ ადამიანს სიმსივნე არ დაემართოს, – ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა.

მან პირველი არხის ეთერში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ისაუბრა. მისი თქმით ამ პროგრამის მთავარი ხარვეზი ის არის, რომ ფინანსები არ იხარჯება დაავადებების პრევენციაზე, არამედ – მომაკვდავი ადამიანის მკურნალობაზე.

„მთავარი საკითხი, რაზეც ვფიქრობ, რომ ყურადღება არ არის გამახვილებული დღევანდელ ჯანდაცვის სისტემაში, არის პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა. მეორე – საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეს არის პრევენცია, ანუ მკურნალობ არა ავადმყოფს, არამედ სანამ ავადდება ადამიანი, მანამდე ვერევით ამ ყველაფერში, რაზეც არის დასავლური პრაქტიკა და რისკენაც მიემართება აბსოლუტურად ყველაფერი.

ნაცვლად იმისა, რომ გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში ფინანსები უკვე ამ მიმართულებით დახარჯულიყო, ჩვენ ამ ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს. ანუ, მაგალითად, ადამიანს რომ სიმსივნე აქვს, ვმკურნალობთ იმას, რომ ქიმიოთერაპია მიიღოს და ვიცით, რომ ამან შეიძლება, ექვსი თვით გაუხანგრძლივოს ცხოვრება. მაგრამ არ ვხარჯავთ იმის ნახევარ ფულს იმაზე, რომ ამ ადამიანს სიმსივნე არ დაემართოს და არ მივიდეს სამკურნალოდ აქამდე. აი ეს არის ჩვენი ახალი სტრატეგია, რომ მაქსიმალურად იყოს ყურადღება გამახვილებული საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, რომ იქამდე ვუმკურნალოთ, სანამ ადამიანი გადასარჩენ პირობებში მივა, რაც უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოს. ყველაზე ძვირი ის არის, რომ ეს ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს, რადგან ვეღარ ვუშველოთ, სანამ ამ დონემდე მივა, მანამდე ვუმკურნალოთ. საბიუჯეტო სახსრების მაქსიმალური ინექცია უნდა გავაკეთოთ იქ, სადაც მეტი პრევენციაა, რომ პირველ რიგში, დავზოგოთ ადამიანის სიცოცხლე და ასევე, რესურსები, რომელიც ამასთან დაკავშირებით იხარჯება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძემ ისაუბრა, რა მდგომარეობა დახვდა ხელისუფლებაში მოსვლის დროს „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯანდაცვის სისტემაში. მისი თქმით, საავადმყოფოები ფაქტობრივად არ არსებობდა.

„თქვენ ალბათ დაგავიწყდათ, რა ჯანდაცვის სისტემა იყო ქვეყანაში. ნორმალური საავადმყოფო არ იყო, არც ერთი საავადმყოფო არ არსებობდა, ფიზიკური ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. სასწრაფო დახმარების მანქანა არ არსებობდა ქვეყანაში. ხელფასი და ექიმი, ასეთი ცნება არ იყო. რაიონებში ქათამს თუ მიუტანდნენ ექიმს და ამის ნაცვლად სიცხეს გაუზომავდა და ა.შ. იმ პირველი ეტაპის რეფორმამ, რომელიც არ არის საბოლოო, მოიტანა ის, რომ შეიქმნა საავადმყოფო ინფრასტრუქტურა. ასობით მილიონი ინვესტიცია ჩაიდო, რომ ყველა რაიონში ერთი საავადმყოფო მაინც ყოფილიყო, სადაც ადამიანი მივა და რამე ნორმალურ გარემოში მოხვდება, აპარატურა მაინც იქნება, რომ დიაგნოზი დაუსვან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის რეპლიკაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სხვადასხვა საავადმყოფოს ერთი და იმავე აპარატურით ხსნიდნენ, ვაშაძემ განაცხადა, რომ რაც არ უნდა თქვან, ერთი რამ ფაქტია, რომ საავადმყოფო ინფრასტრუქტურა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს შეიქმნა.