გიორგი გიორგანაშვილისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს
გიორგი გიორგანაშვილისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს

გიორგი გიორგანაშვილისთვის ბრალის წარდგენა ამ წუთებში მიმდინარეობს. გლდანის საპყრობილეში მას ბრალს სსკ-ის 262-ე მუხლით უყენებენ, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ ჯგუფის მიერ შემოტანას გულისხმობს.

მსახიობის ადვოკატს საქმის მასალებს ბრალის წაყენების შემდეგ გადასცემენ. გიორგი მახარაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ორგანიზებულ ნარკოდანაშაულში მონაწილეობას გამორიცხავს.

„ქორიძე და გიორგანაშვილი იყვნენ ბიზნესპარტნიორები, ელექტროსიგარეტების ბიზნესი უნდა დაეწყოთ, ამისთვის კონკრეტული ქმედებები განახორციელეს. ხულორდავასთან მის კავშირზე არაფერი ვიცი. შემოტანაზე სულ იყო პროკურატურის ნარატივი. ხულორდავას საქმე ისევ პროკურატურის მოთხოვნით გამოეყო. ათასობით საქართველოს მოქალაქე იყო იმ დროს თურქეთში. მე პრობლემას ამაში ვერ ვხედავ“,- განაცხადა ადვოკატმა.

გიორგანაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირაკლი ქორიძე 30 მარტს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ირაკლი ქორიძეს გიორგი გიორგანაშვილი და ჯაბა ხულორდავა თურქეთიდან საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანაში ეხმარებოდნენ.

აქამდე მსახიობს გამოძიება მხოლოდ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გიორგი გიორგანაშვილი ბრალს საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ აღიარებდა. ასევე მსჯავრდებულია და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჯაბა ხულორდავას.