გიორგი ღაღანიძე - საქართველომ ინვესტიციები თანამედროვე ინდუსტრიაში უნდა მოიზიდოს
საქართველომ უნდა მოიზიდოს ინვესტიციები დარგებში, რომლებიც იყენებენ თანამედროვე ინდუსტრიის პოლიტიკას, – აცხადებს თსუ-ს პროფესორი გიორგი ღაღანიძე.
ეკონომისტი ფიქრობს, რომ სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი ქვეყანაში ინვესტიციების გაზრდა.
„წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრდა და დღემდე გრძელდება ინვესტორების მოზიდვის სტანდარტული მეთოდი, როდესაც თანხის დაბანდება, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ხდება. უნდა გადავიდეთ კონკრეტული დარგებისა და სექტორების წახალისებაზე“, – აღნიშნა ღაღანიძემ პირველ არხთან საუბარში.
ამასთან, მისი თქმით, არის ფაქტორები, რომლებიც არ ექვემდებარება ხელისუფლების კონტროლს და რომელთა გამო ინვესტორთა ნაწილი ფრთხილობს.
„ვგულისხმობ კონფლიქტურ რეგიონებს და კბილებამდე შეიარაღებულ აგრესიულ მეზობელს“, – დასძინა ღაღანიძემ.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის 9 თვეში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამურად 1 346.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.9 პროცენტით მეტია.