გიორგი გახარიამ სერგი კაპანაძეს მიმართა - თქვენ მე პოლიციის ღირსების დაცვას ნუ მასწავლით
გიორგი გახარიამ სერგი კაპანაძეს მიმართა - თქვენ მე პოლიციის ღირსების დაცვას ნუ მასწავლით

თქვენ მე პოლიციის ღირსების დაცვას ნუ მასწავლით, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ სხდომაზე დეპუტატ სერგი კაპანაძის კითხვას.

სერგი კაპანაძემ გახარიას პოლიციელების მიმართ ძალადობაზე დაუსვა კითხვა და აღნიშნა, რომ არიან „ქართული ოცნების“ კანდიდატების კამპანიებში ჩართული ჯგუფები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს, თუმცა ისინი არ არიან დაკავებული.

„როდესაც გვაქვს შემთხვევები, როდესაც ძალადობს პოლიციელზე თქვენთვის მისაღები, თქვენთან დაახლოებული, მათ შორის თქვენი კანდიდატის კამპანიაში ჩართული ჯგუფები და ისინი აყენებენ შეურაცხყოფას პოლიციელს, ძალადობენ მასზე და ისინი არ არიან დაკავებულები და მეორე მხრივ, გვაქვს თქვენთვის მიუღებელი ადამიანები, რომლებიც ასევე ძალადობდნენ შეიძლება პოლიციელზე და არიან დაკავებულნი, ამ ორ შემთხვევას შორის განსხვავება რომ არის და განსხვავებული მიდგომა, ეს პრობლემას არ წარმოადგენს“?, – ჰკითხა პრემიერობის კანდიდატს სერგი კაპანაძემ.

გიორგი გახარიას შეფასებით, აღნიშნული კითხვა საღი აზრის ფარგლებში არ ჯდება.

„თქვენ მე პოლიციის ღირსების დაცვას ნუ მასწავლით. საღი აზრის ფარგლებში არ არის ეს კითხვა და თქვენ ტოლობის ნიშანს ნუ სვამთ კონკრეტულ რაღაც შემთხვევებს შორის და მაშინ, როდესაც თქვენი ხელმძღვანელობით სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმს ახდენდით“, – უპასუხა გახარიამ ფრაქციის სხდომაზე კაპანაძეს.