გიორგი გახარია - ყველაფერი იქნება წყნარად, მშვიდად, ისე, როგორც დასავლური ოჯახის ღირსეულ წევრს, საქართველოს შეეფერება
კიბერსივრცე მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის არ არის პრობლემა და რისკების შემცველი, კიბერსივრცე არის გლობალური გამოწვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კიბერშეტევასთან დაკავშირებუთ გამოძიება სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ჩატარდა და ეს პროცესი გრძელდება.
„კიბერშეტევასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, ჩავატარეთ გამოძიება და ეს პროცესი გრძელდება. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ჰიბრიდული ძალის გამოყენების ფორმით და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. კიბერსივრცე მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის არ არის პრობლემა და რისკების შემცველი, კიბერსივრცე არის გლობალური გამოწვევა. ამ გლობალურ გამოწვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს და ისე მოვიქცეთ. ყველაფერი იქნება წყნარად, მშვიდად, ისე, როგორც დასავლური ოჯახის ღირსეულ წევრს, საქართველოს თავის პარტნიორებთან ერთად შეეფერება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მიმდინარე წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შემდეგ მალევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები.
ამასთან, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევა დაგმო დიდმა ბრიტანეთმა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ.
საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.
კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).