გიორგი გახარია - „ტელესკოლა“ არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ასე პოპულარულია და მეც ბავშვობა გამახსენა
გიორგი გახარია - „ტელესკოლა“ არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ასე პოპულარულია და მეც ბავშვობა გამახსენა

განათლების სამინისტრომ ეფექტურად შეძლო დისტანციური განათლების წესების დანერგვა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, ეს მარტივი პროცესი არ ყოფილა.

„არ იყო ეს მარტივი და არ არის ეს იდეალური, მაგრამ ჩვენ თუ შევადარებთ მზაობის იმ დონეს, რომელიც იყო 4 მარტისთვის და რა გაკეთდა ერთ და ორ თვეში, ეს არის ის, რასაც მე ვეძახი – გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა და განათლების სამინისტრო ამისთვის არის ძალიან კარგი მაგალითი, რადგან განათლების სისტემაში ათობით ათასი პედაგოგი დღეს თავის მოსწავლეებთან მუშაობს დისტანციურად“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა „ტელესკოლის“ პროექტს და აღნიშნა, რომ ამ პროექტმა ბავშვობა გაახსენა.

„ამასთან, „მაიკროსოფტის“ გარდა, შეიქმნა სპეციალური ქართული პლატფორმა, რომელზეც ხდება საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანი „ტელესკოლა“, რომელმაც მეც ბავშვობა გამახსენა, რომელიც ასე პოპულარულია. რა თქმა უნდა, „ტელესკოლის“ ეფექტურობა შეიძლება, კლასიკურ, აკადემიურ საგანმანათლებლო ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დღეს ვართ პანდემიის პირობებში, ბრძოლაში და მთავარია, რომ ეს წელი არ გამოცხადდეს აკადემიურ წლად. ის მინიმუმი, რომელიც იყო საჭირო ამ მიზნის მისაღწევად, განათლების სამინისტრომ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთად შეძლეს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.