საკონსტიტუციო პროცესს ზიანი არ მიადგება, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე. მედია დაინტერესდა, აისახება თუ არა აღნიშნული მდგომარეობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე.
„ჩვენ უკვე გავიარეთ კონსულტაციები და არცერთ შემთხვევაში, საკონსტიტუციო პროცესს ზიანი არ მიადგება.
ეს არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რამეთუ პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს ისეთი, როგორიც ჩვენს მოქალაქეებს წარმოუდგენიათ. ვგულისხმობ საარჩევნო კონტექსტში“, – განუცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.
ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. სხვა შეზღუდვებთან ერთად, იკრძალება 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება. გიორგი გახარიას თქმით, შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს.