გიორგი გახარია - ანაკლია წარმოგვიდგენია, როგორც საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის დამადასტურებელი პროექტი
გიორგი გახარია - ანაკლია წარმოგვიდგენია, როგორც საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის დამადასტურებელი პროექტი

ანაკლიის პორტს სახელმწიფოს მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა. შესაბამისად, რაც უფრო მეტი, პირველ რიგში ამერიკული კომპანია დაადასტურებს ან განაახლებს მის თანხმობას ამ პროექტში მონაწილეობა მიიღოს, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება საკითხს, რჩება თუ არა, „​კონტი ჯგუფი“ პროექტის რეგისტრირებულ აუქციონერად, გახარია ამბობს, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს და ეს თავად „კონტი ჯგუფისა“ და „ანაკლიის განვითარების კომსორციუმის კონსორციუმის“ გადასაწყვეტია.

„​გეუბნებით ოფიციალურად, რომ ჩვენ წარმოგვიდგენია ანაკლია, როგორც საქართველოს და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის დამადასტურებელი პროექტი და რა თქმა უნდა, მივესალმებით ყველა ძლიერ მსხვილ ამერიკულ კომპანიას, რომელიც ინტერესს გამოხატავს ამ პროექტში მონაწილეობისათვის“, – განაცხადა გახარიამ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად.

მოგვიანებით, განცხადება „კონტი ჯგუფმაც“ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ჯგუფს ანაკლიის კონსორციუმიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება არ შეუცვლია. საქართველოს პირველი არხი „კონტის“ ოფიციალურ წარმომადგენელს, კოლინ ვაიბლს აშშ-ში დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში „კონტი ინტერნეშენელმა“, „კონტი ჯგუფის“ წევრმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელმა პარტნიორმა მიაღწიეს შეთანხმებას, გაყიდონ საკუთარი წილი ანაკლიის პორტის პროექტში და დატოვონ კონსორციუმი.  მიმდინარე ტრანზაქციას კი, სჭირდება საქართველოს მთავრობის და კონსორციუმის სხვა წევრების შეთანხმება, ამ დრომდე არც ერთი ეს შეთანხმება მიღწეული არ არის. შედეგად, ტრანზაქციის დახურვა ვერ მოხერხდება და დახურვის დრო ოქტომბრის ბოლოს ამოიწურება. „მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმმა ვერ შეასრულა ტრანზაქციის ვალდებულება და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, ვაცხადებთ, რომ კონტის პოზიცია უცვლელია. კონტი გააგრძელებს ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი წილის გასხვისების პროცესს და დატოვებს კონსორციუმს კონსტრუქციულად ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს პროექტის დასრულებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.