სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გიორგი გაბუნიას დაკითხვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას დაკითხვა მიმდინარეობს.
გაბუნიას თქმით, ჰქონდა ინფორმაცია ლიკვიდაციის მზადებასთან დაკავშირებით და გაფრთხილებული იყო, ამის შესახებ არ ესაუბრა.
„მე მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემი ლიკვიდაცია შესაძლოა, ყოფილიყო დღის წესრიგში, რაც ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მქონდა ძალიან ზოგადი ინფორმაცია, დეტალები არც უთქვამთ, შესაბამისად, გამოძიებასთანაც საუბარი არ შემიძლია, რადგან უბრალოდ არ ვიცი. ვიცი ის, რომ მითვალთვალებდნენ, ეს შეამჩნია ჩემმა დაცვამ“,- განაცხადა გაბუნიამ.
კითხვაზე, მიმართა თუ არა საგამოძიებო უწყებას თვალთვალთან დაკავშირებით, გაბუნიამ განაცხადა, რომ აღნიშნულის თაობაზე საგამოძიებო უწყებამ იცოდა.
„დეტალები ჩემთვის არ უთქვამთ, მაგრამ მქონდა ინფორმაცია, სუს-სგან გამოვიდა ეს ინფორმაცია, შესაბამისად, მათ იცოდნენ ამის შესახებ და გამაფრთხილეს კიდეც, რომ ამის შესახებ არავისთან უნდა მელაპარაკა“,- განაცხადა გაბუნიამ და დასძინა, რომ დაახლოებით ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა თვალთვალი.
ამასთან, პროკურორი მაია სილაგაძე განმარტავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე და აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ერთი პირი, რომელსაც ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვა გამოყენება ედება ბრალად.
როგორც პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით, გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ დღეს დასაკითხი პირები. საუბარია გიორგი გაბუნიასა და ნიკა გვარამიაზე.
პროკურორის თქმით, საქმეში არსებობს ფარული ოპერატიული მასალები, ასევე სხვა მტკიცებულებები.
ჟურნალისტების კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიება ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მზადებას, პროკურორმა აღნიშნა:
„ამ საქმეზე ყოველდღიურად ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. არაერთი მტკიცებულებაა გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული, მათ შორის ხორციელდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები, იმისთვის რომ გაირკვეს, ვის მიერ მოხდა აღნიშნული დანაშაულის განხორციელება და ვინ მონაწილეობდა, ამ საქმეზე დაიკითხა არაერთი მოწმე და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვა მოწმეების გმოკითხვაც“, – განაცხადა მაია სილაგაძემ.