გიორგი გაბუნია – სააკაშვილ-ადეიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი არ მინახავს, თუმცა გარკვეული ინფორმაცია რომ არსებობდა, არ დაუმალავს ნიკა გვარამიას
ჩანაწერი არ მინახავს, თუმცა გარკვეული ინფორმაცია რომ არსებობდა, ეს არ დაუმალავს ნიკა გვარამიას, სწორედ ამის გამო გავიძლიერე დაცვა და ფაქტობრივად ტყვედ ვარ ქცეული, – ასე უპასუხა კითხვას, ტელეწამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, რომელიც უკრაინული სააგენტოს მიერ მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სატელეფონო საუბარს ეხებოდა.
როგორც გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რადგან ნიკა გვარამიას ჰქონდა ამ საკითხზე ინფორმაცია, გასაკვირი არ არის, რომ ამის შესახებ სხვებსაც სცოდნოდა.
„მე რაც ვიცი, ნიკა გვარამიამ მითხრა, რომ სუს-ისგან ჰქონდა ეს ინფორმაცია, ვინ იყო, რა იყო, არ ვიცი“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
კითხვაზე, გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, საიდან შეიძლება ჰქონოდათ ინფორმაცია ადეიშვილსა და სააკაშვილს გაბუნიას ლიკვიდაციის მზადებაზე, გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ადამიანები, მათ შორის, გვარამია ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ და კონტაქტები აქვთ.
„შეიძლება ვიღაცამ მიაწოდა ეს ინფორმაცია. მე ასეთი კონტაქტები არ მაქვს“, – განაცხადა გაბუნიამ.