გიორგი გაბოძე - არ ვფიქრობ, რომ ექსპერტს კვლევის ჩატარებისას მიკროსკოპულ დონეზე გაღუნული დანის წვერი რამეში ხელს შეუშლის
გაღუნული დანის შესახებ მაქვს ინფორმაცია, რომ დანის დაზიანების დანახვა მხოლოდ და მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება, – ამის შესახებ პროკურატურის წარმომადგენელმა, გიორგი გაბოძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
„ეს დანა გაიღუნა მიკროსკოპულად, რადგან ექსპერტები ატარებდნენ იმ კვლევას, რასაც ყოველთვის ატარებდნენ. კერძოდ, მუყაოზე გადააფარეს ნაჭერი და დანის სიბასრეს ამოწმებდნენ. თუმცა, ამ დანით ახალი ექსპერიმენტის ჩატარება არ არის გამორიცხული, რამდენადაც ექსპერტებისგან მაქვს ინფორმაცია. ეს დანა არის ქარხნული წესით, სერიულად დამზადებული და მსგავსი კონსტრუქციის, ანალოგიური დანით შეიძლება იგივე კვლევების ჩატარება, თუ მაინცდამაინც ვინმე ფიქრობს, რომ ეს მიკროსკოპულ დონეზე გაღუნული დანის წვერი რომელიმე ექსპერტს რამეში ხელს შეუშლის. თუმცა, ვფიქრობ, რომ ესეც არ შეუშლის ხელს“, – განაცხადა გაბოძემ.
როგორც ზაზა სარალიძემ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, მისი შვილის ნივთები საგამოძიებო უწყებას თვეების განმავლობაში არ დაუბრუნებია და ამასთან, ინტერესდებოდა, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზამ რატომ გაღუნა დანა.
როგორც საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, მკვლელობის იარაღს, დანას ვიზუალურად არანაირი დაზიანება, განსაკუთრებით გაღუნვა არ აღენიშნებოდა.