გიორგი ერმაკოვისა და ბათუმის მერიის ორი ყოფილი თანამშრომლის საქმის განხილვა 16 ოქტომბერს განახლდება
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვისა და მერიის ორი ყოფილი თანამშრომლის საქმის განხილვა 16 ოქტომბერს 11:30 საათზე განახლდება.
მომდევნო პროცესზე გაირკვევა, დატოვებენ თუ არა ბრალდებულები საპატიმროს გირაოს სანაცვლოდ. მოსამართლე თითქმის სამი საათის განმავლობაში ისმენდა როგორც პროკურატურის, ასევე დაცვის მხარის მოსაზრებებს.
პროკურორი რამაზ შავაძე ამბობს, რომ პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემთხვევაში არსებობს როგორც მიმალვის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. გარდა ამისა, პროკურორს საეჭვოდ მიაჩნია ბათუმის მოქმედ მერთან შეთანხმების კანონიერება, რომლის მიხედვით ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში მერია, ანუ დაზარალებული მხარე ზიანის ასანაზღაურებლად საკუთარ ბალანსზე გადაიფორმებს ბრალდებულთა უძრავ ქონებას. პროკურორი აცხადებს, რომ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი მილიონ 370 ათასი ლარია, დაკავებულები კი, მერიას მხოლოდ 400 ათასამდე ლარის ქონებას სთავაზობენ.
დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ბათუმის მოქმედ მერს კანონი ხელს არ უშლის, როგორც დაზარალებული უწყების ხელმძღვანელმა მსგავსი შეთანხმება გააფორმოს დაკავებულებთან. დაცვის მხარეს იმედი აქვს, რომ მოსამართლე გირაოთი გათავისუფლების შესახებ მათ შუამდგომლობას დააკმაყოფილებს.
ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და მერიის კიდევ ექვსი ყოფილი თანამშრომელი 30 მაისს ე.წ. იაფი სახლის პროექტთან დაკავშირებით დააკავეს, რომელიც ვერ განხორციელდა. პროკურატურა მათ მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება. მერიის ოთხი ყოფილი მაღალჩინოსანი მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ 24 სექტემბერს გაათავისუფლა.