გიორგი ცუცქირიძე - წამყვანი ქართული ბანკები პოლიტიკურ და სოციალურ რისკებს რეალურად ვერ აცნობიერებენ, ახალი რეგულაციები დრომ მოიტანა
გიორგი ცუცქირიძე - წამყვანი ქართული ბანკები პოლიტიკურ და სოციალურ რისკებს რეალურად ვერ აცნობიერებენ, ახალი რეგულაციები დრომ მოიტანა

წამყვანი ქართული ბანკები პოლიტიკურ და სოციალურ რისკებს რეალურად ვერ აცნობიერებენ, ლიბერალური რეჟიმი, რაც მათ გასულ წლებში ჰქონდათ, უბრალოდ დასრულდა, – ასე გამოეხმაურა ბანკებისთვის ახალი რეგულაციების გადავადების მოთხოვნას საბანკო და საფინანსო საკითხებში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.

მისივე თქმით, სოფლიო ბანკის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 2015 წელს 1 000 ზრდასრულ მოსახლეზე 680 მსესხებელი მოდიოდა, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე მაჩვენებელია თურქეთის შემდეგ. თურქეთში შინამეურნეობების ვალის შეფარდება მშპ-სთან 18% ია, საქართველოში კი – 34%.

ექსპერტის აზრით, საქართველოში ქონების დაკარგვის კანდიდატთა რიცხვის მომატებაც ჭარბვალიანობის გაზრდილ რისკზე მიუთითებს.

„წლის დასაწყისიდან, მხოლოდ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობამ 15,6 ათასით მოიმატა. თუ 2018 წლის 21 თებერვლისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში 239 831 ჩანაწერი იყო, 2018 წლის პირველ 7 თვეში ეს რიცხვი 255 494-ს შეადგენდა. შედეგად გამოდის, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის თითქმის 7 პროცენტი გადახდისუუნაროა, რაც მაღალი მაჩვენებელია“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

ექსპერტის თქმით, საქართველოს მოსახლეობა საკრედიტო რესურსების მოხმარებით ევროპის წამყვანი ქვეყნების დონეზეა, რეალური შემოსავლები კი, საშუალოდ ხუთჯერ ნაკლებია.

„თუ 2015-2017 წლის პერიოდს მივიღებთ მხედველობაში, ეკონომიკის ზრდამ საშუალოდ 3.56 პროცენტი შეადგინა, ხოლო ბანკების საკრედიტო პორტფელი ამავე პერიოდში, საშუალოდ, 19.8 პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო რეალური ზრდა ინფლაციის გამოკლებით 15.3 პროცენტს შეადგენს. ანუ დაკრედიტების ტემპები ეკონომიკის რეალურ ზრდას 5.6-ჯერ, ხოლო ინფლაციის გამოკლებითაც კი 4.3-ჯერ აღემატებოდა“, –  განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ რეგულაციების გადავადების მოთხოვნა ულტიმატუმსაც ჰგავს.

„რეგულაციების გადავადების მოთხოვნა და ეკონომიკაზე მისი შესაძლო ნეგატიური ეფექტით აპელირება, მით უმეტეს ისედაც დაძაბულ წინასაარჩევნო პერიოდში, თავისებური ულტიმატუმის ელფერსაც ატარებს და შესაბამისად, ბანკების მხრიდან წამგებიანი სვლა უფროა. სამწუხაროდ, წამყვანი ქართული ბანკები ვერ აცნობიერებენ პოლიტიკურ და სოციალურ რისკებს რეალურად. ახალი რეგულაციები დრომ მოიტანა. ბანკებიც უნდა მიხვდნენ და გადაერთონ ახალ რეალობაზე. ლიბერალური რეჟიმი, რაც მათ გასულ წლებში ჰქონდათ, უბრალოდ, დასრულდა, მსოფლიო პოლიტიკაში 2008-2010 წლების გლობალური კრიზისის შემდეგ, ჩვენთან დღეს, ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც გარე სამყაროსთან ჩვენი ინტეგრაციის დონიდან და ფინანსური სექტორის წონიდან გამომდინარე“, – განაცხადა ექსპერტმა.

ახალი რეგულაციების ამოქმედება საბანკო სექტორში 1 ნოემბრიდან იგეგმება, სხვა საფინანსო ორგანიზაციებისთვის კი, პირველი იანვრიდან.

სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ მოქალაქეებს სესხებზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდებათ.