გიორგი ცუცქირიძე - საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი პასუხია ოპოზიციური სპექტრის წინასაარჩევნო სპეკულაციებზე
გიორგი ცუცქირიძე - საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი პასუხია ოპოზიციური სპექტრის წინასაარჩევნო სპეკულაციებზე

ქვეყნის ეკონომიკას რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდის ტენდენცია ექნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი ფაქტობრივად პასუხია ოპოზიციური სპექტრის წინასაარჩევნო სპეკულაციებზე არაეფექტურ ანტიკრიზისულ მენეჯმენტზე, ეკონომიკის მოსალოდნელ კოლაფსზე თუ კრიტიკულად გაზრდილ სამთავრობო ვალზე, თითქოსდა მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, მომავალ წლებში ჩვენი გადასახდელების ხარჯზე არის გაზრდილი – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, გლობალური რეცესიის გამოწვევების და გაურკვევლობის ზრდის მიუხედავად, საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც შედარებით ნაკლები დანაკარგებით მოახერხებენ ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლას და ეკონომიკური აქტივობის ზრდასთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკას რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდის ტენდენცია ექნება.

ექსპერტის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკის განახლებული მიმოხილვა, პირველ რიგში, იმ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, რომ წლის დასაწყისის შეფასებისგან განსხვავებით, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებს, პანდემიური პერიოდის რეცესიული კონიუქტურიდან გამომდინარე, აფასებს.

„ნიშანდობლივია, რომ IMF-ის შეფასება, გაცილებით ოპტიმისტური შეფასებაა, ვიდრე მსოფლიო ბანკის პროგნოზი, რომელიც 2021 წელს შედარებით ნაკლებ 4%-იან აღდგენას ითვალისწინებს. შედარებისათვის მიმდინარე წლის რეცესიის შემდეგ, რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2%-დან 3 %-ის ფარგლებში მერყეობს. თვით ბელორუსის შემთხვევაშიც კი, რომელმაც არ ჩაკეტა თავისი ეკონომიკა 2020 წელს ვარდნა 3%, 2021 წელს აღდგენა მხოლოდ 2.2% იქნება, ხოლო ყაზახეთში 3%“, – აღნიშნა ექსპერტმა.

გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი, ოპტიმისტურია საშუალოვადიან პერიოდშიც.

„თვალსაჩინოებისთვის, 2021-2025 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონის ქვეყნებს შორის, და შესაბამისად საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწრაფადაც გადალახავს პრეკრიზისულ მაჩვენებელს. ეს ფაქტორი კი რეგიონში დაწყებული საომარი მოქმედებების კონტექსტშია მნიშვნელოვანი. გაზრდილი რისკების მიუხედავად, პირდაპირ არის დაკავშირებული, და მხოლოდ პოზიტიურად აისახება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უკვე, მომავალი 2021 წლიდან ქვეყნის ეკონომიკა ვალის შემცირების ტენდენციაზე გავა და საქართველო ექნება იმ ქვეყნებს შორის, ვინც საშუალოვადიან პერიოდში ეფექტურად მოახერხებს ვალის მართვას, მისი შემდგომი შემცირებით, და რაც გასულ წლებში ფისკალური რეფორმის შედეგად ფისკალური ბუფერების დაგროვებით გახდა შესაძლებელი. ეს ფაქტორი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა თუნდაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ჩეხეთი, ესტონეთი, რუმინეთი, პოლონეთი ვალი 2020 წლის შემდგომაც ეზრდებათ“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

დატოვე კომენტარი