გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირება ეკონომიკის დანაკარგის ნაწილობრივ კომპენსირებას მოახდენს
საფინანსო საკითხებში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთიდან სატრანზიტო რეისებზე ფრენების სუბსიდირებას დადებითად აფასებს.
როგორც მან დღეს განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ფრენების შეზღუდვამ საქართველოს ეკონომიკა დააზარალა, ყველაზე დიდი დარტყმა კი, მცირე ბიზნესმა მიიღო.
ცუცქირიძე ამბობს, რომ სუბსიდირება არის დანაკარგის კომპენსაცია, რაც მისასალმებელია.
„ამ საკითხთან დაკავშირებით არის მოსაზრება, რამდენად საჭირო იყო ამ ტიპის ხარჯების გაწევა. როცა გაკეთდა რუსეთის მხრიდან განცხადება ავიარეისების აკრძალვასთან დაკავშირებით გაურკვეველი ვადით, ამან ძალიან სერიოზულად იმოქმედა ტურისტულ ინდუსტრიაზე. ბოლო მონაცემები ქვეყნდება, რომ მაინც შემოდიან, მაგრამ ძირითადად, ლარსის გამშვები პუნქტიდან. ნაკადის შემცირება არის დაახლოებით 25 პროცენტი. ყველაზე დიდი დარტყმა მაინც მცირე ბიზნესმა მიიღო. ეს ეხება როგორც კერძო სასტუმროებს, ასევე ჰოსტელებს, ანუ ძირითადად პატარა ზომის სასტუმროებს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
ექსპერტის თქმით, აგვისტოს თვის პრაქტიკულად ყველა ჯავშნები გაუქმებულია.
„ჯავშნების გაუქმებამ ეს ადამიანები მძიმე სიტუაციაში ჩააგდო. კომპენსაცია გათვლილია სეგმენტზე, ვინც კიდევ ფიქრობს, რომ ჩამოვიდეს საქართველოში და არ უნდა ლარსიდან შემოსვლა, არამედ სურთ თვითმფრინავით ჩამოსვლა.
როცა ვსაუბრობთ ნეგატიურ გავლენებზე არის ხოლმე პირდაპირი და ირიბი გავლენა. ირიბი ზეგავლენა არანაკლებია ეკონომიკისთვის ნეგატიური თვალსაზრისით, ვიდრე თუნდაც პირდაპირი. ამიტომ ვამართლებ სუბსიდირებას, თუ ეს არის მიმართული ნაწილობრივ კომპენსაციისკენ იმ დანაკარგებისა, რომელიც ეკონომიკამ მიიღო“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს 600 ათას ევრომდე თანხით დაასუბსიდირებს. მთავრობის დადგენილების მიხედვით, საუბარია რეისებზე რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით. სტიმულირების პროგრამის ფარგლებში შესაბამის ხელშეკრულებას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ გააფორმებს. საუბარია თითო მგზავრზე არა უმეტეს 90 ევროს ანაზღაურებაზე (დღგ-ს გარეშე).