გიორგი ცუცქირიძე - „განვითარების დაფინანსების კორპორაციის“ ოფისის გახსნის შემთხვევაში, ორგანიზაცია საქართველოდან დაფარავს რეგიონს და ინვესტიციების მოსაზიდად ახალ პოტენციალს შექმნის
„განვითარების დაფინანსების კორპორაციის“ (DFC) ოფისის გახსნის შემთხვევაში, ორგანიზაცია საქართველოდან დაფარავს რეგიონს და ინვესტიციების მოსაზიდად ახალ პოტენციალს შექმნის, – აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ქით ქროქის „ამერიკის ხმისათვის“ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, საქართველოში აშშ-ის უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ორგანიზაციის, DFC-ის ოფისის გახსნა განიხილება.
როგორც გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, თავად ეს ფაქტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მსოფლიოსთვის ძლიერი გზავნილი იქნება, რაც ინვესტიციების შემოდინების ზრდასთან ერთად, არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ეკონომიკის სწრაფ აღდგენას, არამედ განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს და იმპორტის ექსპორტით ჩანაცვლების და მაღალი დამატებული ღირებულების ეკონომიკაზე გადასვლის სტრატეგიას რეალურს გახდის.
მისივე თქმით, ამავე საერთშორისო კონტექსტში უნდა აღინიშნოს, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მეხუთე თაობის ინტერნეტის, იგივე 5G-ის უსაფრთხოების შესახებ 14 იანვარს მემორანდუმის გაფორმებაც.
„პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდა. ამ თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის მეტი ინტეგრაცია როგორც ევროკავშირში, ასევე ისეთ მეგაეკონომიკასთან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია.
ცნობილი გახდა, რომ საქართველოში აშშ-ის უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ორგანიზაციის, DFC-ის (განვითარების დაფინანსების კორპორაციის), ყოფილი OPIC-ის (კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია) ოფისის გახსნა განიხილება, რომელიც როგორც მოგეხსენებათ ფოთში „პეის“ ტერმინალის მშენებლობას აფინანსებს.
აღსანიშნავია, რომ ამ საკითხის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ქით ქროქმა განაცხადა „ამერიკის ხმისათვის“ მიცემულ ინტერვიუში. ნიშანდობლივია, რომ DFC-ის ოფისის გახსნის შემთხვევაში, ორგანიზაცია საქართველოდან დაფარავს რეგიონს და ინვესტიციების მოსაზიდად არსებითად ახალ საინვესტიციო პოტენციალს შექმნის, პირველ რიგში მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.
თავად ეს ფაქტი კი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მსოფლიოსთვის ძლიერი გზავნილი იქნება, რაც ინვესტიციების შემოდინების ზრდასთან ერთად, არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ეკონომიკის სწრაფ აღდგენას, არამედ განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს და იმპორტის ექსპორტით ჩანაცვლების და მაღალი დამატებული ღირებულების ეკონომიკაზე გადასვლის სტრატეგიას რეალურს გახდის.
ამავე საერთშორისო კონტექსტში უნდა აღინიშნოს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მეხუთე თაობის ინტერნეტის, იგივე 5G-ის – უსაფრთხოების შესახებ, 14 იანვარს ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაც. ამ ტიპის მაღალტექნოლოგიური სწრაფი ინტერნეტის დანერგვა გარდა იმისა, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ნდობის და სანდოობის თვალსაზრისით, ბატონი ქით ქროქისვე განცხადებით ფაქტობრივად ნიშნავს ამერიკა-საქართველოს ბიზნეს გეგმის შედგენას.
ეს ფაქტები კიდევ ერთხელ მიუთითებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესთან ერთად, ახალი შესაძლებლობების გაჩენას, მათ შორის ამერიკასთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გაფორმებასაც უახლოეს მომავალში.
რაც მთავარია, ხელისუფლების ტრანსატლანტიკური კურსის შეუქცევადობასთან ერთად, ამერიკის ორპარტიულ მხარდაჭერასაც ღიად ადასტურებს“, – წერს გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.