დავით ზალკალიანი - ჩვენი სურვილია, აშშ-სთან ეკონომიკური თანამშრომლობა იყოს იმ დონეზე აყვანილი, რა დონეზეცაა თავდაცვის, უსაფრთხოებისა და პოლიტიკური მიმართულებით
დავით ზალკალიანი - ჩვენი სურვილია, აშშ-სთან ეკონომიკური თანამშრომლობა იყოს იმ დონეზე აყვანილი, რა დონეზეცაა თავდაცვის, უსაფრთხოებისა და პოლიტიკური მიმართულებით

მივესალმებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებას, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ქით ქროქის ინტერვიუსთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, საქართველოს სურვილია, აშშ-სთან ეკონომიკური თანამშრომლობა იყოს იმ დონეზე აყვანილი, რა დონეზეცაა თავდაცვის, უსაფრთხოებისა და პოლიტიკური მიმართულებით.

„საქართველომ გააფორმა მემორანდუმი 5G-ის მიმართულებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. ასევე, რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ შევუერთდით ე.წ. სუფთა ქსელების ინიციატივას, სადაც არის 60-მდე ქვეყანა გაერთიანებული. ეს არიან ქვეყნები, ვისაც საერთო ღირებულებები და მისწრაფებები აქვს, რომლებიც მიისწრაფიან, მაღალი ტექნოლოგიები იყოს დანერგილი, ის ტექნოლოგიები, რომლის სტანდარტები სრულ შესაბამისობაში არის ევროკავშირისა და ნატო-ს სტანდარტებთან. საქართველო, როგორც ქვეყანა მიისწრაფის ევროპისკენ და ნატო-სკენ და ბუნებრივია, თანხვედრაში ვართ ჩვენი საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის პრიორიტეტებთან. ჩვენი ეკონომიკაც, ეს ეკონომიკური მიმართულებები უნდა იყოს სრულ შესაბამისობაში ჩვენს ქმედებებთან.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის დონე გვაქვს უმაღლეს ნიშნულზე. ჩვენი სურვილია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა იყოს იმ დონეზე აყვანილი, რა დონეზეც ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა თავდაცვის, უსაფრთხოების, პოლიტიკური მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წლების განმავლობაში, უშუალოდ წლევანდელი წელი, ისევე როგორც გასული წელი, მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგის მომტანი იქნება. საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის ეკონომიკური განზომილება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, როგორც გაფორმებული მემორანდუმის თვალსაზრისით, ისე ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის განვითარების თვალსაზრისით, გვქონდეს მნიშვნელოვანი, ხელშესახები პროგრესი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ქით ქროქიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ბიზნესგეგმა უნდა შეიქმნას.