ბექა ლილუაშვილი - ქით ქროქის განცხადება არის ძლიერი სიგნალი, რომ საქართველო ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა
ბექა ლილუაშვილი - ქით ქროქის განცხადება არის ძლიერი სიგნალი, რომ საქართველო ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა

ქით ქროქის განცხადება ძალიან ძლიერი სიგნალია საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებისთვის, რომ საქართველო ინვესტიციების განსახორციელებლად მიმზიდველი ქვეყანაა, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, უახლოეს პერიოდში, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, პარტნიორებთან ერთად დაიწყება ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის გეგმაზე მუშაობა.

,,როდესაც ჩვენი ოპონენტები უსაფუძვლო შეფასებებით საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას ვერ ავითარებს, სწორედ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ავიყვანეთ ახალ ეტაპზე, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით. დღევანდელი განცხადებაც ამის ნათელი დადასტურებაა. თუ შევაფასებთ ბოლო პერიოდში განხორციელებულ მაღალი დონის პოლიტიკურ ვიზიტებს საქართველოში, პირველ რიგში, ეს იყო ამ თანამშრომლობის გაღრმავების კიდევ ერთი დადასტურება. ჩვენ გვქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გამომხატველი გადაწყვეტილება ამერიკის ხელისუფლების მხრიდან. იცით, რომ სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ბიუჯეტი დამტკიცდა ამერიკის ბიუჯეტთან ერთად, სადაც 132 მლნ დოლარის ოდენობის მხარდაჭერა გვაქვს 2021 წლის განმავლობაში. დღეს ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ შტატების წარმომადგენელთან ერთად „საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის“  (DFC) რეგიონალური ოფისის გახსნაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკული ინვესტიციების განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანიზაცია დღეს წარმოდგენილია საქართველოში და ახორციელებს კერძო სექტორში ინვესტიციებს.

ეს განცხადება არის ძალიან ძლიერი სიგნალი საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებისთვის, რომ საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მოცულობა იზრდება და საქართველო არის ძალიან მიმზიდველი ქვეყანა ინვესტიციების განსახორციელებლად.

ჩვენ ველოდებოდით შტატების წარმომადგენლების მხრიდან ამ განცხადების გაკეთებას. უახლოეს პერიოდში სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ვთანამშრომლობდით ჩვენს პარტნიორებთან და დავიწყებთ ამ გეგმის განვითარებას. კონკრეტულ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ ეს პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება ერთობლივად.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საერთაშორისო ინვესტიციებისთვის. ეს არის კონკრეტული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ საქართველოში განხორციელდეს ამერიკული ინვესტიციები და ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენ მოქალაქეებზე, მათთვის შეიქმნას სამუშაო ადგილები“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ქით ქროქიმ განაცხადა, რომ ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის „ბიზნესგეგმა“ უნდა შეიქმნას.