გიორგი ჭაუჭიძე - სკოლაში გოგებაშვილის „დედა ენა“ კი არ უნდა დაბრუნდეს, არამედ მისი პედაგოგიკა უნდა შემოვიდეს
გოგებაშვილი სიცილით მოკვდებოდა, რომ გაეგო, სახელმწიფო კომისია 1912 წლის „დედა ენის“ გასაცოცხლებლად შეიქმნაო, – ამის შესახებ პედაგოგმა და განათლების ექსპერტმა, გიორგი ჭაუჭიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„გოგებაშვილის 1912 წლის „დედა ენა“ დღეს არსებულ ყველა „დედა ენას“ ჯობია, მაგრამ ის 1912 წლის მასწავლებლებისთვის არის დაწერილი, რომლებიც გოგებაშვილის სიტყვებით, მტკნარი უხეირობით გამოირჩეოდნენ. მე მგონი, ისიც აქვს ნათქვამი, რომ ამ ქალაქში ქვა რომ ააგდო, უხეირო მასწავლებელს დაეცემაო. ეს რა გასაკვირია და პროფესიონალი მასწავლებლები საიდან უნდა გვყოლოდა, როცა მაშინ არც უნივერსიტეტი იყო და არც არაფერი?“ – განაცხადა ჭაუჭიძემ.
მისი თქმით, გოგებაშვილის პედაგოგიკა და იდეები გაცილებით უფრო ღრმაა, ვიდრე 1912 წლის „დედა ენა“.
„უნდა გაიმიჯნოს, რა არის გოგებაშვილის „დედა ენა“ და გოგებაშვილის პედაგოგიკა. მისი პედაგოგიკა დღესაც თანამედროვეა და სკოლაში გოგებაშვილის „დედა ენა“ კი არ უნდა დაბრუნდეს, არამედ მისი პედაგოგიკა უნდა შემოვიდეს“, – განაცხადა ჭაუჭიძემ.
როგორც ჭაუჭიძემ აღნიშნა, დღევანდელმა მთავრობამ საზოგადოების დაკვეთა შეასრულა.
„ამ გადაწყვეტილებით სხვა რომ არაფერი გაკეთებულიყო, ეს პროცესები რომ წავიდა და საზოგადოება ამით დაინტერესდა, ეს ძალიან კარგია. ქუჩაში რომ გავიდეთ და ადამიანებს ვკითხოთ, უნდა დაბრუნდეს, ან უნდა ისწავლებოდეს თუ არა წერა-კითხვა გოგებაშვილის „დედა ენით“, ვფიქრობ, არაო, არავინ იტყვის. პირიქით, რომ ვუთხრათ, თქვენზეა ეს გადაწყვეტილება-თქო, გვეტყვის, როგორ მომაგენით, აბა, როგორ უნდა იყოსო. მინდა, გავიხსენო დიდი ქალბატონი, მზექალა შანიძე, რომელიც კომისიის წევრი იყო. აქედან სხვა რომ არაფერი დარჩეს, მისი სიტყვები და პოზიცია დარჩება, როცა თქვა, მე ნუ მეკითხებით, ეს არ ვიცი, ამ საქმის სპეციალისტი არ ვარო. არადა, ჩვენ ყველამ ვიცით, გამვლელებმა და რა თქმა უნდა, გოგებაშვილი უნდა იყოს სკოლაში“, – განაცხადა ჭაუჭიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ უნდა მოხდეს კონკრეტული სახელმძღვანელოს არჩევა პედაგოგების მიერ და ხომ არ გაართულებს ამ პროცესს მათ შორის, მშობლების პოზიცია, რომელთა ნაწილს შესაძლოა, ერთი სახელმძღვანელო მოსწონდეს, ნაწილს კი მეორე, გიორგი ჭაუჭიძემ განაცხადა, რომ კითხვის ფორმულირება სწორია, რადგან ერთ-ერთი სიტყვა სწორედ პედაგოგებს ეკუთვნით და მშობლებიც ერთ-ერთი აქტორები არიან.
„რაც შეეხება არჩევას, არც ისეა საქმე, რომ დიდი კომისიებისა და დიდი გრიფების ხელში გავლილი სახელმძღვანელოებიდან, ხუთი წიგნიდან რომელიმე ვერ ავირჩიოთ. რადგან გრიფი მიიღო, ეს იმას ნიშნავს, რომ ხუთივე ადეკვატურია და აქ არჩევა აღარ უნდა იყოს დიდი პრობლემა“, – განაცხადა ჭაუჭიძემ.
განათლების ექსპერტმა ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფომ სახელმძღვანელოებს თავი უნდა დაანებოს და ცოტა უკან დაიხიოს.
„იცით, დღეს როგორი რეგულაციაა სახელმწიფოს მხრიდან? სახელმწიფო ყველა წიგნს ყიდულობს. ამას მე მგონი, საფრანგეთიც ვერ აკეთებს. მესმის, რომ შეიძლება, სოციალურად დაუცველ ბავშვს უყიდო წიგნი, მაგრამ ყველას რატომ უნდა უყიდო?“, – განაცხადა გიორგი ჭაუჭიძემ.