გიორგი ჭანტურიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით ოჯახმა პროკურატურას მიმართა
გიორგი ჭანტურიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით ოჯახმა პროკურატურას მიმართა

გიორგი ჭანტურიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით მისმა ვაჟმა და სამოქალაქო ჯგუფის წევრებმა პროკურატურას განცხადებით მიმართეს.

გიორგი ჭანტურიას განცხადებით, მისი მამის მკვლელობის საქმეში არცერთი მოწმე არ არის დაკითხული და არ არის შეფასებული როგორც ტერორისტული აქტი.

„გია ჭანტურიას 60 წელი შეუსრულდებოდა, კიდევ ერთხელ გადავწყვიტეთ, რომ უკვე მცირე საზოგადოების ნაწილით და სამოქალაქო მოთხოვნის სახით მივმართოთ პროკურატურას ხელახალი გამოძიების თაობაზე. სულ რამდენიმე თვეში 25 წელი გახდება, რაც გია ჭანტურია მოუკლეს საქართველოს და ძალიან ცუდი ფაქტია, რომ ძალიან მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები დღემდე არ არსებობს, დღემდე არ ვიცით რატომ, რა პროცესების ეშინოდათ საქართველოს მტრებს და რა მიზნებს ემსახურებოდა მისი მკვლელობა, რა მოვლენებს შეუწყო და რა მოვლენების განვითარებას შეუშალა ხელი მისმა მკვლელობამ. ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი ისევე, როგორც ვინაობა იმათი, თუ ვინ იყვნენ შემსრულებლების უკან. არ მგონია, რომ
ეს ყოფილიყო ერთი ან ორი ადამიანი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გარე ძალები არიან და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების ინტერესებს ემსახურებოდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

გიორგი ჭანტურიას თქმით, ოჯახმა პროკურატურას საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მიზნით, ადრეც მიმართეს, თუმცა, გამოძიება არ დაწყებულა.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამაარსებელი გიორგი ჭანტურია თბილისში 1994 წელს მოკლეს.

გიორგი ჭანტურიას 19 აგვისტოს 60 წელი შეუსრულდებოდა.