გიორგი ცაგარეიშვილი - ზურაბ ადეიშვილი, რომელმაც ანგარიში გაუსწორა თავის ქვეყანასა და ხალხს, საპატიო სტუმრადაა მიღებული ჩვენს მეგობარ პარლამენტში, კარგი იქნება, თუ ამაზე განმარტებებს მოვისმენთ
გიორგი ცაგარეიშვილი - ზურაბ ადეიშვილი, რომელმაც ანგარიში გაუსწორა თავის ქვეყანასა და ხალხს, საპატიო სტუმრადაა მიღებული ჩვენს მეგობარ პარლამენტში, კარგი იქნება, თუ ამაზე განმარტებებს მოვისმენთ

ბუნდესტაგში ვიხილეთ ადამიანი, რომელმაც საშინელი კვალი დატოვა საქართველოს უახლეს ისტორიაში, თავის ავაზაკ მეგობრებთან ერთად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

ცაგარეიშვილი ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნის ფაქტს გამოეხმაურა.

„დღეს გავრცელდა კადრები ჩვენი მეგობარი ქვეყნის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საკანონმდებლო დაწესებულების დარბაზიდან. ვიხილეთ ადეიშვილი საპატიო სტუმრის ლოჟაში. ვიხილეთ ადამიანი, რომელიც კონკრეტული უმძიმესი დანაშაულის, არაერთი ჩადენილი დანაშაულის გამო გადახვეწილია ამ ქვეყნიდან და იძებნება ჩვენი კანონმდებლობით. ადამიანი, რომელმაც საშინელი კვალი დატოვა საქართველოს უახლეს ისტორიაში, თავის ავაზაკ მეგობრებთან ერთად. ასეთი ბევრი იყო მაშინ და ახლაც ბევრი ჰყავს გულშემატკივარი“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

დეპუტატმა ის საქმეები გაიხსენა, რომლებზეც ადეიშვილი ბრალდებული ან უკვე მსჯავრდებულია.

„გაგახსენებთ მის, ბრჭყალებში, საგმირო საქმეებს. ზურაბ ადეიშვილი ბრალდებულია ე.წ. რობაქიძის საქმეზე, ტელეიმედის 2007 წლის 7 ნოემბრის და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის საქმეზე, ე.წ. ციხის კადრების საქმეზე. უკვე მსჯავრდებულია აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე, ტელეკომპანია „იბერიის“ საქმეზე, ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე და ყველაზე საზარელ საქმეზე, რომელიც მას და მის ხელისუფლებას დაემართა, ერთ-ერთ ყველაზე საზარელ საქმეზე, კობა დავითაშვილზე თავდასხმის საქმეზე, რომელსაც შეეწირა კიდევაც ბატონი კობას სიცოცხლე. ასეთ ადამიანს ჩვენი მეგობრები, კოლეგები დიდი პატივით იღებენ ბუნდესტაგში, რაც, ჩემი აზრით, არის ტრაგიკული მოვლენა. ის და მისი მაგვარი კრიმინალები რომ ბოლომდე შეიამხანაგეს ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა, ესეც სამწუხარო ფაქტია. ეს არახალია, ძველი მოვლენაა. ვერ ვიტყვით, რომ შევეგუეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, თვალი გავუსწორეთ ამ საშინელ სიმართლეს, მაგრამ ადამიანი, რომელმაც სხვებთან ერთად, ფაქტობრივად, ანგარიში გაუსწორა თავის ქვეყანას და თავის ხალხს, საზოგადოებას და როგორც ჩანს, ამით ამაყობდა ისიც და ძალიან ბევრი მისი თანამეინახე, ახლა ასე არის საპატიო სტუმრად მიღებული ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ მოკავშირე პარლამენტში. კარგი იქნება, თუ ამაზე განმარტებებს მოვისმენთ“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.