შალვა პაპუაშვილი - ჰააგის კონფერენციის თანაორგანიზატორი იყო ევროკომისია, როცა სიაში ხედავენ კრიმინალს და მაინც იწვევენ, ეს არის იმედგამაცრუებელი და შეიცავს ფარისევლობის ნიშნებს
შალვა პაპუაშვილი - ჰააგის კონფერენციის თანაორგანიზატორი იყო ევროკომისია, როცა სიაში ხედავენ კრიმინალს და მაინც იწვევენ, ეს არის იმედგამაცრუებელი და შეიცავს ფარისევლობის ნიშნებს

ძალიან მძიმეა იმ სურათის ნახვა, როდესაც ჰააგაში, რომელიც მართლმსაჯულების დედაქალაქად ითვლება, ადამიანებთან ერთად, რომლებიც მართლმსაჯულების და კანონის უზენაესობის სფეროში მუშაობენ, ვხედავთ კრიმინალს, რომელსაც ხუთ სხვადასხვა საქმეზე მისჯილი აქვს, ჯამში, 18 წელი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე იწვევენ ადამიანს, რომელმაც შექმნა წამების სისტემა საქართველოში, პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი გაატაცებინა, აცემინა და ლამის სიკვდილამდე მიიყვანეს.

„ეს ადამიანი არათუ თავისუფლად გადაადგილდება, არამედ მას ხელს ართმევენ და ხვდებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ეს არის ის ფარისევლობა, რომელიც სამწუხაროა. იმ ფაქტის შემდეგ, რაც იყო ბრიუსელში, მგონი, ყველამ გაიგო, ვინ არის ადეიშვილი, მიუხედავად ამისა, ის აღმოჩნდა ამ კონფერენციაზე. ამ კონფერენციის თანაორგანიზატორი არის ევროკომისია, მათ შორის, მართლმსაჯულების საკითხებზე ევროკომისარი იყო მთავარი ფიგურა. ევროკომისიის მიწვევით იყვნენ იქ ადამიანები. მანამდე, როცა ბრიუსელში იყო და თუ თქვეს, რომ ეს იყო უკრაინული დელეგაცია და არ იცოდნენ, ვინც იყო მის შემადგენლობაში, ამ შემთხვევაში, ევროკომისია იყო თანაორგანიზატორი და კარგად იცოდნენ, ვის იწვევდნენ. მონაწილეთა სია კონტროლდება. როცა ხედავენ ადამიანს, რომელიც არის კრიმინალი და ყველაფერი, გარდა მართლმსაჯულებისა, იწვევენ კონფერენციაზე, ეს არის იმედგამაცრუებელი და შეიცავს ფარისევლობის ნიშნებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გუშინ ზურაბ ადეიშვილმა, უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად, ჰააგაში შეხვედრები გამართა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა შესაბამისი ფოტოებით გაავრცელა. მოგვიანებით კი უკრაინის გენერალურმა პროკურორმა სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ზურაბ ადეიშვილი ჩამოაჭრა.