გიორგი ბურჯანაძე - ომბუდსმენის ანგარიშში წარმოდგენილი მასალა სრულყოფილია და დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა
ომბუდსმენის ანგარიშში წარმოდგენილი მასალა სრულყოფილია და დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა, – ასე უპასუხა სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ ომბუდსმენის 2017 წლის ანგარიშის განხილვის დასრულების შემდეგ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრთა კრიტიკას ანგარიშის ზედაპირულობასთან დაკავშირებით.
გიორგი ბურჯანაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეხვედრას საინტერესოს უწოდებს და იმედოვნებს, რომ მსგავსი ტიპის დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება.
„ძალიან საინტერესო განხილვა იყო. საბჭოს წევრებს ყველა შეკითხვასთან დაკავშირებით გავაცანით მეთოდოლოგია, მიდგომა, შინაარსი, რომელიც დოკუმენტში გვეწერა. ეს პასუხები ყველა შემთხვევაში ამომწურავი იყო. რა არის სამომავლო თანამშრომლოის ფორმატი?! გვინდა, რომ მაქსიმალურად ყველა მოსამართლესთან გვქონდეს ამ ტიპის დიალოგი. გვესწრებოდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც საბჭოს წევრები არიან, მაგრამ არიან ასევე საბჭოს არაწევრი მოსამართლეები. საინტერესოა მათი მოსაზრებების მოსმენა და ამ შემთხვევაში, ეს არის ჩვენი მიზანი, რატომაც გვინდა სასამართლო კონფერენციაზე დასწრება. ვფიქრობთ, ჩვენი მხრიდან კარგი იქნება, თუკი სასამართლოსთან მომავალში გვექნება თანამშრომლობა. ის საკითხები, რომელიც ჩვენ ანგარიშში გვაქვს წარმოდგენილი სრულიად შესაძლებელი იყო, შესწავლილი და განხილული ყოფილიყო იმ დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გამოვითხოვეთ. ამის შესახებ საბჭოს ინფორმაცია მივაწოდეთ. ჩვენ მიერ შესწავლილი განჩინებები და დოკუმენტაცია სრულიად ასახავდა იმ პრობლემებს, რომელსაც ვაკრიტიკებთ და რომელთა დაკავშირებითაც ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია პარლამენტის მხრიდან განხორციელებული შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა დღეს განაცხადა, რომ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში ზედაპირულია. ამასთან, აღნიშნა, რომ დოკუმენტი არასრული მასალით არის მომზადებული.