ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე განიხილავს, ომბუდსმენის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს
ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე განიხილავს, ომბუდსმენის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე განიხილავს, ომბუდსმენის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

ლომჯარიას თქმით, ეს ბურჯანაძის პირადი გადაწყვეტილებაა, რომელიც მისივე გადასაწყვეტია.

„ვერ გეტყვით, ალბათ, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ. ვიცი, რომ განიხილავს, მაგრამ ვერ გეტყვით, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, პირადად მისი გადასაწყვეტი“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, სახალხო დამცველის შერჩევის წესთან დაკავშირებით განსაკუთრებული შენიშვნები არ აქვს.

„საქართველოს მიმართაც სავალდებულოა, გაწერონ სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესი და ეს არ იყოს წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ მას უნდა უსწრებდეს წინ კონკურსი, ინკლუზიური, გამჭვირვალე, სამართლიანი პროცესი და ასე შემდეგ. ამიტომ, ამ წესის მიღება მნიშვნელოვანია. თუმცა, პრაქტიკაში მისი აღსრულების რისკები არსებობს. მე ჯერ არ შემიძლია, კონკრეტულად ვისაუბრო, რადგან უნდა დავაკვირდეთ პროცესს. ბუნებრივია, ნებისმიერი საუკეთესო რეგულაციის შემთხვევაშიც კი, შესაძლებელია, წესი იყოს დაცული, მაგრამ საბოლოო ჯამში, შედეგი არ იყოს ის, რისი მიღწევაც გვინდა. ანუ დამოუკიდებელი, ობიექტური პერსონის არჩევა. ამიტომ დარჩა ის, რომ დავაკვირდეთ პროცესს და ამის შემდგომ ალბათ შესაძლებელი იქნება შეფასების გაკეთება. ამ წუთის მდგომარეობით, ვფიქრობთ, წესთან დაკავშირებით განსაკუთრებული შენიშვნები არ გვაქვს, რადგან ის წუხილები, რაც ჩვენ განცხადებაში გვქონდა, შემდგომ იქნა გათვალისწინებული და წესი შეიცვალა შესაბამისად“, – აღნიშნა ლომჯარიამ.