გიორგი ბარამიძე - „ქოცი“ რომ თავს ესხმის, ჩემი შვილია, ის არ შეუშინდა მათ
„ქოცი“ რომ თავს ესხმის, ჩემი შვილია, ის არ შეუშინდა მათ, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელი, გიორგი ბარამიძე „ფეისბუქზე“ წერს და აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომელსაც მთაწმინდის მე-18 საოლქო საარჩევნო უბანზე თავს დაესხნენ, მისი შვილია.
„ავი და აგრესიული ქოცების ძალადობრივი საქციელი, რაც კანონით დასჯადია, ვნახოთ როგორი იქნება შსს-ს რეაგირება. ნებისმიერ შემთხვევაში ამ კრიმინალებთან შეზრდილი მავნებლების ავი ძალის დრო მალე დასრულდება.
P.S ქოცი რომ თავს ესხმის, ის ჩემი შვილია. არ შეუშინდა ქოცებს და იმათ არ მოეწონათ“,- წერს ბარამიძე.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, მთაწმინდის მე-18 საოლქო საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ აქტივისტი „ევროპული საქართველოს“ ორ დამკვირვებელს თავს დაესხა. როგორც ხოშტარია ამბობს, მათი აქტივისტები საარჩევნო პროცესის გადაღებას ტელეფონით ცდილობდნენ, „ქართული ოცნების“ აქტივისტი კი მათ ფიზიკურად გაუსწორდა.
ამასთან, „ტაბულას“ ხელმძღვანელის, თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, კიდევ ერთი დამკვირვებელი, რომელსაც თავს დაესხნენ, მისი შვილია.