თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ დამკვირვებელი, რომელსაც საარჩევნო უბანზე თავს დაესხნენ, მისი შვილია
თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ დამკვირვებელი, რომელსაც საარჩევნო უბანზე თავს დაესხნენ, მისი შვილია

„ტაბულას“ ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომელსაც მთაწმინდის მე-18 საოლქო საარჩევნო უბანზე თავს დაესხნენ, მისი შვილი, კატო კოპალეიშვილია.

ამის შესახებ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქზე წერს.

„დამკვირვებლები, რომლებსაც თავს დაესხნენ, არიან ჩემი შვილი – კატო კოპალეიშვილი და მისი მეგობარი ანა ბარამიძე (ჩემი მეგობრის შვილი). მე სახელმწიფოს ვთხოვ, ეს 41 ნომერი ქაჯი კანონის დაცვით და სიმკაცრის იმ სტანდარტით დასაჯოს, რა სტანდარტითაც ლორთქიფანიძის პიჯაკის შემთხვევაში გამოიყენეს.

არაფერს ზედმეტს არ ვითხოვ – პოლიტიკური ოპონენტების მიმართ რა სტანდარტიც თავად შექმენით, ზუსტად იმ სტანდარტით დასაჯეთ ეს პრიმიტივიც. ასე ჯობია.

სიუჟეტი ასეთი იყო:

კატო იდგა უბნის შესასვლელში და უბანთან მიმდინარე პროცესს იღებდა. მივიდა ეს ქალბატონი, უთხრა ნუ იღებო. კატომ აუხსნა, რომ მისი ინტერესია უბანთან მიმდინარე პროცესის გადაღება და ამის უფლება აქვს. თუ ვინმე წუხდება, შეუძლია უბანს გაეცალოს.

რასაც მოჰყვა აი ეს ამბავი – ანა ბარამიძე იღებდა, იმას დაარტყა, კატომ მოასწრო ჩაწერა“,- წერს ჩერგოლეიშვილი.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, მთაწმინდის მე-18 საოლქო საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ აქტივისტი „ევროპული საქართველოს“ დამკვირვებლებს თავს დაესხა.

როგორც ხოშტარია ამბობს, მათი აქტივისტები საარჩევნო პროცესის გადაღებას ტელეფონით ცდილობდნენ, „ქართული ოცნების“ აქტივისტი კი მათ ფიზიკურად გაუსწორდა.

ამასთან, აღნიშნულ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, საქმე აღიძრა 162-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარედ ძალადობის განხორციელებას ან ძალადობის შემცველ მუქარას.