გიორგი ანდრიაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბათუმში შეხვედრა გამართა
სამწუხაროდ, ტერიტორიულ მთლიანობაზე მეტად მოსახლეობას ეკონომიკური პრობლემები აწუხებს, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი ანდრიაძემ, რომელიც შეხვედრებს ბათუმში მართავს.
ანდრიაძის განცხადებით, მისი საარჩევნო პროგრამა ამ პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს და მას მხარდაჭერა ექნება.
„ჩვენი პროგრამა დატვირთულია ეკონომიკური პრობლემების უმოკლესი გადაჭრის გზებით. ეს არის კონკრეტულად პრობლემური სესხების გასტუმრება სახელმწიფო ვალის ხარჯზე და წვრილი მეწარმეებისთვის ევროპისა და რუსეთის ბაზრების გახსნა.
ჩვენს მოსახლეობას, შეიძლება ითქვას, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მეტად სამწუხაროდ ეკონომიკური პრობლემები აწუხებს. საზოგადოებას ამ პრობლემების გადაწყვეტას ვპირდებით“,- განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.
პრეზიდენტობის კანდიდატის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში დღეს მის მხარდასაჭერად თურქეთში მოღვაწე ლაზურ ანსამბლს 14:00 საათისთვის კონცერტი უნდა გაემართა, თუმცა ანდრიაძის განცხადებით, ანსამბლის მონაწილეებს თურქეთის საბაჟოზე პრობლემები შეექმნათ და საზღვარზე დროულად ვერ გადმოვიდნენ.