გიორგი ამილახვარმა საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმები გააცნო
გიორგი ამილახვარმა საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში, დიდიე ტღებიუკთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მინისტრმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას საქართველოში განათლების სფეროს განვითარების მხარდაჭერისთვის.

გიორგი ამილახვარმა სტუმარს სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე, ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები და სამომავლო გეგმები გააცნო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს გაერო-სთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს და აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა.

თავის მხრივ, დიდიე ტღებიუკმა დადებითად შეაფასა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და მინისტრს ახალი ინიციატივების განხორციელების საქმეში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ინფორმაციას  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.