ანტონიუ გუტერეში - გაერო მზადაა, მხარი დაუჭიროს ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერ შეთანხმებას
გაერო მზადაა, მხარი დაუჭიროს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ნებისმიერ შეთანხმებას, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა „ასოშიეითიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
გუტერეშმა განაცხადა, რომ „არარეალურია“ ფიქრი, თითქოს გაერო-ს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ღაზის სექტორის მომავალში, იქნება ეს ტერიტორიის ადმინისტრირება თუ სამშვიდობო ძალების განთავსება, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, ისრაელი გაერო-ს ამ როლს დათანხმდეს.
„რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით გავაკეთოთ ყველაფერი, რასაც საერთაშორისო საზოგადოება მოგვთხოვს, თუმცა საკითხავია, მიიღებენ თუ არა ამას მხარეები, მიიღებს თუ არა ამას ისრაელი“, – აღნიშნა გუტერეშმა.
ამასთან, გუტერეშმა ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტის გადაუდებელ აუცილებლობას.
„ტანჯვის დონე, რომელსაც ჩვენ ღაზაში ვხედავთ, უპრეცედენტოა ჩემი გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. არასდროს მინახავს სიკვდილისა და ნგრევის ასეთი დონე, როგორსაც ბოლო თვეების განმავლობაში ღაზაში ვხედავთ“, – განაცხადა გუტერეშმა.
გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა „ერთადერთი გამოსავალია“.