გიორგი ამილახვარი - მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს იმ მხარემ, რომელმაც პროვოკაციული ბრალი დასდო საქართველოს ხელისუფლებას, ეს ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა უკრაინისადმი
გიორგი ამილახვარი - მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს იმ მხარემ, რომელმაც პროვოკაციული ბრალი დასდო საქართველოს ხელისუფლებას, ეს ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა უკრაინისადმი

მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს იმ მხარემ, რომელმაც პროვოკაციული ბრალი დასდო საქართველოს ხელისუფლებას. ეს ჩვენი ძალიან პრინციპული მოთხოვნაა უკრაინის ხელისუფლებისადმი, – ასე ეხმაურება  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი პროდუქტთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას გუშინდელ განცხადებას.

საუბარია განცხადებაზე, სადაც კულება ამბობს: „ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოსგან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედოთ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები არ იქნება საკმარისად დამაჯერებელი“.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, როდესაც უცხო ქვეყნის სახელმწიფოს ასეთ მძიმე ბრალდებას უყენებ, ამას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ფაქტები და მტკიცებულებები.

„ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა თხოვნით მიმართეს უკრაინის შესაბამის უწყებებს, წარმოადგინონ ან გაასაჯაროონ, რაიმე მსგავსი თუ არსებობს. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. მიგვაჩნია, რომ ეს არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის შიგნით აწარმოებს მისი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ეს ფარგლები არ ეყოთ, გასცდნენ საზღვრებს და ჩვენ ვვარაუდობთ, უკვე მათ წარმომადგენლებს უკრაინის ხელისუფლება შეჰყავთ შეცდომაში და უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყების ენით და სახელით გველაპარაკებიან, გვიყენებენ ამ ბრალდებას“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისივე თქმით, ომის პარტია ყველაფერს ცდილობს, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე ქვეყნის გარედან როგორმე დააზიანოს მისი ქვეყანა, ხელისუფლება და ბრალი დასდონ, თითქოს რაიმე გარიგებაა რუსეთთან.

„მსგავსი არაფერი განხორციელებულა. პირიქით – ყველა ტვირთი, ყველა პირი და ყველა კომპანია, რომელიც სანქციების ქვეშაა, ექვემდებარება უმკაცრეს კონტროლს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, როგორც საპატრულო პოლიციის, ასევე საბაჟო სამსახურისა და შესაბამის უწყებებს. მსგავსი არაფერი მომხდარა და არც მოხდება. მიგვაჩნია, რომ პირები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან და დღეს უკრაინის ხელისუფლებაში თანამდებობები აქვთ, ეს ჰიბრიდული ომის ცეცხლი უკვე უკრაინიდან მათ მიერ არის გახსნილი.

მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს იმ მხარემ, რომელმაც ასეთი პროვოკაციული ბრალი დასდო საქართველოს ხელისუფლებას. ეს ჩვენი ძალიან პრინციპული მოთხოვნაა უკრაინის ხელისუფლებისადმი და შესაბამისი უწყებებისადმი. ჩვენ რა მტკიცებულება უნდა წარმოვადგინოთ, რომ არაფერი მომხდარა? ამას ისედაც ვამბობთ და ვადასტურებთ სრული პასუხისმგებლობით. ჩვენ კომუნიკაცია არც ერთ შტოსთან არ შეგვიწყვიტავს, არც საზოგადოების წარმომადგენლებთან და არც საელჩოსთან, ვიდრე მოხდებოდა ის უსაფუძვლო ფაქტი, რაც უკრაინის ელჩის გაწვევას მოჰყვა“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება დღესაც თანამშრომლობს სხვადასხვა უწყებასთან ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ საკითხებზე.

„უკრაინის ხელისუფლებას ახლა მართებს გააქარწყლოს ის ეჭვები, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილი. წარმოადგინონ ფაქტები ან უბრალოდ ბოდიში მოიხადონ ცრუ ინფორმაციაზე“, – განაცხადა ამილახვარმა.