გიორგი ამილახვარი - ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ჰაგიოგრაფია რამე ფორმით უნდა იყოს ამოღებული სწავლებიდან, საუბარია სწავლის მეთოდიკაზე, ხომ არ ღირს მისი განახლება
გიორგი ამილახვარი - ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ჰაგიოგრაფია რამე ფორმით უნდა იყოს ამოღებული სწავლებიდან, საუბარია სწავლის მეთოდიკაზე, ხომ არ ღირს მისი განახლება

ვფიქრობ, ჰაგიოგრაფია უნდა ისწავლებოდეს, – ამის შესახებ განათლების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამილახვარის განმარტებით, ზოგადი განათლების საკითხებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის კონსულტანტის, გია მურღულიას ინტერვიუ არასწორად იყო ინტერპრეტირებული. მისივე თქმით, საგნობრივი სტანდარტების ჯგუფში დისკუსია მიმდინარეობს სწავლების მეთოდიკაზე და სამინისტროში არ ფიქრობენ, რომ ჰაგიოგრაფია რამე ფორმით უნდა იყოს ამოღებული სწავლებიდან.

განათლების მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, განათლების სამინისტროში ახლა მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველა საგნის სტანდარტის განახლებას.

ჰაგიოგრაფიაზე არაერთი კითხვა იყო და ამას პირდაპირ გავცემ პასუხს. ეს არ არის სამინისტროს პოზიცია, ეს ერთი; მეორე, დიახ, მე ვფიქრობ, რომ ჰაგიოგრაფია უნდა ისწავლებოდეს; მესამე, აქ მხოლოდ ლაპარაკი იყო ჰაგიოგრაფიის სწავლების მეთოდიკაზე და ერთგვარი, ასე ვთქვათ, ექსპერტული აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო იმ ინტერვიუში, რომლის ინტერპრეტირებაც შემდგომ, სამწუხაროდ, სწორად არ წავიდა. თუმცა, მაინც კარგია, რომ საზოგადოებაში დისკუსია იყო და კარგია, რომ საზოგადოების აზრიც გავიგეთ, მაგრამ პირადად გიდასტურებთ პოზიციას, რომ არა, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ჰაგიოგრაფია რამე ფორმით უნდა იყოს ამოღებული სწავლებიდან, თუმცა, მე არ ვარ ამ მიმართულების არც სპეციალისტი, არც მცოდნე. ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ექსპერტებს, რომელშიც ჩართულნი არიან, თუ ვინმე საუკეთესოა ამ ქვეყანაში, ყველა. ლაპარაკი არის სწავლის მეთოდიკაზე, ხომ არ ღირს მისი განახლება და სხვადასხვა საკითხზე, იმ საგნობრივი სტანდარტების ჯგუფში, რომელზეც ახლა მიმდინარეობს მუშაობა. მგონი, აქ პასუხი ნათელია, არავითარი მღელვარება ამ კუთხით არ არსებობს და ორი აზრიც არ არის, ურყევად გიდასტურებთ ამას. ის ადამიანიც სამინისტროს წარმომადგენელია, მაგრამ ამ შემთხვევაში ის არის საგნობრივი ჯგუფის ექსპერტი და, რეალურად, ექსპერტული მოსაზრება გააჟღერა, მათ შორის სწავლების მეთოდიკაზე და არა იმაზე, რომ ჰაგიოგრაფია არ უნდა იყოს. ვინც ამ დარგის მცოდნე ხართ, მგონი, ყველამ კარგად გაიგეთ და, მგონი, არც ის ადამიანია ხელწამოსაკრავი, ვინც ეს აზრი გააჟღერა. ის არ იტყოდა ამას, ამიტომ ამ საკითხზე პასუხი ნათელია“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისივე თქმით, ყველა საგნობრივი სტანდარტი გადამუშავდება და განახლდება საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით.