გიორგი ალიბეგაშვილი - ეთნიკურ უმცირესობებს უნდა გავუჩინოთ მოტივაცია, ქართული ენა შეისწავლონ
ქართული ენის სწავლის თვალსაზრისით, ეთნიკური უმცირესობების მიმართ იძულებითი ფორმები გამოყენებული არ იქნება, – განაცხადა ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
ამ განცხადებით გიორგი ალიბეგაშვილმა სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივნის, ბელა ოსიპოვას შეკითხვას უპასუხა, რომელიც დაინტერესდა, თუ როგორ აპირებს ენის პალატა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის ფლობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას და ხომ არ იგეგმება რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, რამაც შესაძლოა, მოსახლეობას გამოთქმის თავისუფლება შეუზღუდოს.
„ამ საკითხში რადიკალიზმი არ შეიძლება. მით უფრო, ახალგაზრდა თაობა სახელმწიფო ენის შესწავლით დაინტერესებულია. მათ იციან, რომ თუ საჯარო დაწესებულებაში კარიერის შექმნა უნდათ, სახელმწიფო ენა უნდა იცოდნენ. ანუ მთავარია, საკითხს როგორ მივაწვდით. თუ სწორად მივაწოდეთ, ისინი თავს ვალდებულად ჩათვლიან, სახელმწიფო ენა იცოდნენ. რა თქმა უნდა, იძულებითი ფორმები გამოყენებული არ იქნება. ჩვენ მათ მოტივაცია უნდა გავუჩინოთ, რაც მათი კარიერული წინსვლა და საქართველოს სახელმწიფოს სამსახური იქნება. თუ გინდა, საქართველოს სახელმწიფოს ემსახურო, ქართული ენა უნდა იცოდე“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ქართული ენა რომელიმე ერთი დეპარტამენტის, ან ჯგუფის მოსავლელი არ არის.
„ქართული ენა არის უნიკალური ენა, ქართველი ერი კი უნიკალური ერი. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.