გიორგი ახვლედიანი - ქვეყანაში რეალურად დადგა ვითარება, როდესაც მივიღებთ უძლიერეს დემოკრატიულ ინსტიტუტს არჩევნების სახით
გიორგი ახვლედიანი - ქვეყანაში რეალურად დადგა ვითარება, როდესაც მივიღებთ უძლიერეს დემოკრატიულ ინსტიტუტს არჩევნების სახით

ქვეყანაში რეალურად დადგა ვითარება, როდესაც მივიღებთ უძლიერეს დემოკრატიულ ინსტიტუტს არჩევნების სახით, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, 0%-იანი ბარიერი ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრ, შედარებით სუსტ პოლიტიკურ პარტიასაც მიეცემა საშუალება, მოხვდეს პარლამენტში.

„ეს არის უდაოდ დიდი წარმატება. შეიძლება ითქვას, თაობები პოლიტიკოსებისა ამისთვის იბრძვიან და მადლობა უნდა ვუთხრათ იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც მრავალწლიანი ბრძოლა ასე წარმატებულად დააგვირგვინეს.

ქვეყანაში რეალურად დადგა ვითარება, როდესაც მივიღებთ უძლიერეს დემოკრატიულ ინსტიტუტს არჩევნების სახით. პროპორციული სისტემა ეს არის დღეს საქართველოსთვის ყველაზე უფრო სამართლიანი სისტემა, სადაც ყველაზე ნაკლები ხმა დაიკარგება და ყველაზე რეალისტურად ასახავს საზოგადოების განწყობას პარლამენტში. ის, რომ ბარიერი იქნება 0%-იანი ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრ, შედარებით სუსტ პოლიტიკურ პარტიასაც მიეცემა საშუალება, მოხვდეს პარლამენტში“,- განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, ახლა საჭიროა, უმოკლეს ვადებში დაიწყოს ამ საკითხზე მოლაპარაკებები.

„შემდეგი ეტაპი არის, რა ეშველებათ ბლოკებს. არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ დააყენოს საკითხი, რადგან უპროცენტოა ბარიერი, მოდით ბლოკები გავაუქმოთ. ეს ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან იქნება ჩათვლილი პრობლემად, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ვერანაირ ჩრდილს ვერ მიაყენებს ზოგადად, მთლიანად პროცესს. ახლა სასწრაფოდ არის დასაწყები მოლაპარაკებების პროცესი, რომ მოხდეს ამ ყველაფრის გაფორმება კანონში და ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გადავიდეს სამართლიან საარჩევნო სისტემაზე“,- განაცხადა ახვლედიანმა.

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.