გიორგი აბაშიშვილი - პარლამენტთან პრეზიდენტის დავალებით ვიმყოფები და ვეცნობი სიტუაციას
გიორგი აბაშიშვილი - პარლამენტთან პრეზიდენტის დავალებით ვიმყოფები და ვეცნობი სიტუაციას

ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც შეიძლება დიალოგის რესურსი არსებობდეს, ცხადია, ეს შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების მშობლებისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგი აბაშიშვილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მივიდა, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილსა და  აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორ ზვიად კუპრავას შეხვდა.

მისი თქმით, ის ვითარებას პრეზიდენტის დავალებით ეცნობა.

„მე მოვისმინე მათგან ვითარების მიმოხილვა. ბუნებრივია, აქ იყო საუბარი მაჩალიკაშვილის შეხვედრაზე პრემიერთან, ასევე შევხვდები ზაზა სარალიძესა და ამის შემდგომ უფრო ვრცლად გესაუბრებით. პრეზიდენტის დავალებით ვეცნობი სიტუაციას. ვიცნობ სარალიძის კომენტარს, რომელიც მან პრემიერთან შეხვედრის შემდგომ გააკეთა და ამასთან დაკავშირებით მას შევხვდები დღეს ან ხვალ, როგორც იქნება შესაძლებელი. პრეზიდენტი იყო აქ,  შეხვდა ზაზა სარალიძეს. მეც ვიმყოფები პრეზიდენტის დავალებით“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.