გიორგი აბაშიშვილი - მოვუწოდებ მოქალაქეებს, სიმბოლურად გადმოკიდონ ან აღმართონ საქართველოს დროშები საკუთარ სახლებზე
გიორგი აბაშიშვილი - მოვუწოდებ მოქალაქეებს, სიმბოლურად გადმოკიდონ ან აღმართონ საქართველოს დროშები საკუთარ სახლებზე

მინდა, ვთხოვო და მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელებს, შეუერთდნენ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას და სახელმწიფო უწყებებზე, ყველა შესაძლო ადგილზე სახელმწიფო სტრუქტურებში, სიმბოლურად აღმართონ სახელმწიფო დროშები, – ამის შესახებ საქართველოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო დროშის ეტალონის აღმართვის ცერემონიის შემდეგ განაცხადა.

აბაშიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, დღეს საკუთარ სახლებზე სიმბოლურად გადმოკიდონ ან აღმართონ საქართველოს დროშები.

„დღეს საქართველოს პრეზიდენტმა აღმართა სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც ასევე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დამზადდა სამი წლის წინ. სამი წელია, ჩვენი ეროვნული დროშის დღე პრეზიდენტის ინიციატივით განსაკუთრებულად აღინიშნება. დროშა არის თითოეული ჩვენგანის სიამაყე, განსაკუთრებულობის მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ერთად დაესწრება სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალს. მოვუწოდებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, შეუერთდნენ ამ ინიციატივას და დღევანდელ დღეს სიმბოლურად გადმოკიდონ ან აღმართონ დროშები საკუთარ სახლებზე. მინდა, ვთხოვო და მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელებს, შეუერთდნენ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას და სახელმწიფო უწყებებზე, ყველა შესაძლო ადგილზე სახელმწიფო სტრუქტურებში, სიმბოლურად აღმართონ სახელმწიფო დროშები“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა საქართველოს პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყო. გიორგი მარგველაშვილმა დროშის ეტალონი საქართველოს ეროვნული გმირების, გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დღეს დროშის აღმართვის ცერემონია საქართველოს რამდენიმე რეგიონში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას თავად გიორგი მარგველაშვილი მიიღებს.