გიგლა მიქაუტაძე - ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ პროფესიულ განათლებას ის ირჩევს, ვინც უნივერსიტეტში ვერ ჩააბარა
დამსაქმებლებში არსებობს მოლოდინი, რომ პროფესიული განათლების მქონე ახალგაზრდა ინტელექტუალურად მაინცდამაინც განვითარებული ვერ იქნება, ამიტომ ურჩევნიათ, სამუშაოზე უმაღლესდამთავრებული აიყვანონ და თავად ასწავლონ, – ამის შესახებ „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ ვიცე პრეზიდენტმა, პროექტ “რეფორმეტრის” მენეჯერმა, გიგლა მიქაუტაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
“სწორედ ამიტომ არის, რომ ვაკანსიებში დამლაგებლის პოზიციაზეც კი მაგისტრის ხარისხს ითხოვენ. სამწუხაროდ, ჩვენს აზროვნებაში ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ პროფესიულ განათლებას ის ირჩევს, ვინც უნივერსიტეტში ვერ ჩააბარა”, – განაცხადა მიქაუტაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მასშტაბურია ბიზნესის მხრიდან პროფესიული განათლების მქონე კადრების მიმართ ასეთი დამოკიდებულება, გიგლა მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ბიზნესის ინფორმირებულობის ხარისხი დაბალია და შესაბამისად, ასეთი დამოკიდებულებაც მასშტაბურია.
„ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა ბიზნესის ინფორმირებულობის ხარისხი გაიზარდოს, მაგრამ ამავე დროს, უნდა გაიზარდოს მათი პასუხისმგებლობაც. ბიზნესში არსებობს განცდა, რომ ბაზრისთვის კვალიფიციური კადრის მიწოდებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ სახელმწიფოა, რაც არასწორია. როცა ახალ საქმეს იწყებ, ყოველთვის არსებობს რისკი, რომ შესაძლოა, კვალიფიციური კადრი ვერ იშოვო, ამიტომ ბიზნესმა პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობა მანამდე უნდა დაიწყოს, რათა შემდეგში პრობლემები არ შეექმნას”, – განაცხადა მიქაუტაძემ.