გიგლა ბარამიძე - გადავწყვიტე, რომ დამთავრდა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიულ მოძრაობაში“ ჩემი მოღვაწეობის რაღაც პერიოდი, ეს ეტაპი დავასრულე
გიგლა ბარამიძე - გადავწყვიტე, რომ დამთავრდა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიულ მოძრაობაში“ ჩემი მოღვაწეობის რაღაც პერიოდი, ეს ეტაპი დავასრულე

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ უკვე ყოფილი წევრი გიგლა ბარამიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პარტიაში მისი მოღვაწეობის ეტაპი დასრულდა და სწორედ ამიტომ მიიღო წასვლის გადაწყვეტილება.

„მიზეზს არაფერს ვიტყვი, უბრალოდ, ასე გადავწყვიტე, რომ დამთავრდა ჩემი ამ პარტიაში მოღვაწეობის რაღაც პერიოდი და მივიღე გადაწყვეტილება, ეს არის და ეს“, – აღნიშნა გიგლა ბარამიძემ.

მისი თქმით, პარტიაში რამე სახის დაპირისპირება არ ყოფილა.

„არანაირი დაპირისპირება, საუბარი გვქონდა ძალიან გულდაწყვეტით, მაგრამ ძალინ გაგებით შეხვდნენ ამას ჩემი კოლეგები და ჩემი ყოფილი პარტიელები, თავმჯდომარეც და წარმატებები ვუსურვეთ ერთმანეთს, ასე გადავწყვიტე და მორჩა. დავტოვე პარტია და გენერალური მდივნის თანამდებობა“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

გიგლა ბარამიძის განმარტებით, მისი გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ უკავშირდება.

„ბევრი წარმატებაც გვქონია და წარუმატებლობაც, ბევრი უფრო მძიმე სიტუაციაც, ჩემი სტილი არ არის ამ დროს დატოვება, უბრალოდ, ასე გადავწყვიტე“, – აღნიშნა მან.

გიგლა ბარამიძე ამბობს, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, სად გააგრძელებს საქმიანობას.

„ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ, იმ გამოცდილებიდან და რაღაც ცოდნიდან, ვფიქრობ, პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ათასი წინადადებაც იქნება, ადრეც იყო, მაგრამ ამ წუთას არაფერს განვიხილავ, ამიტომ არ წამოვსულვარ პარტიიდან, რომ სადღაც რაღაც წინადადება მქონდა. უბრალოდ, ეს ეტაპი დავასრულე, ახლა ვარ მეცნიერი, პოლიტიკოსი კაცი, რომელიც შეუერთდა უმუშევართა რიგებს, რა იქნება მომავალში, ვნახოთ“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

გიგლა ბარამიძემ პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.