„ევროპული საქართველოს“ აჭარის რეგიონული და მუნიციპალიტეტების ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა პარტია დატოვეს
„ევროპული საქართველოს“ აჭარის რეგიონული და მუნიციპალიტეტების ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა პარტია დატოვეს

„ევროპული საქართველოს“ რიგები დღეს სრული შემადგენლობით დატოვეს პარტიის აჭარის რეგიონული და მუნიციპალიტეტების ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა. განცხადება პარტიის ბათუმის ოფისში აჭარის რეგიონულმა ხელმძღვანელმა რაულ თავართქილაძემ გააკეთა.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი „ევროპული საქართველოს“ მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა გახდა.

„საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ მხარი დავუჭირეთ ბატონი დავით ბაქრაძის კანდიდატურას და სწორედ „ევროპული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის დამსახურებით, პარტიამ აჭარაში 15 000-მდე ხმა მოიპოვა. ჩვენი მხრიდან დავით ბაქრაძის კანდიდატურის მხარდაჭერა განპირობებული იყო მისი დიპლომატიური გამოცდილებიდან გამომდინარე და გვჯეროდა, რომ ეს იყო ქვეყნის ევროპული არჩევანი. გვინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა ჩვენს ამომრჩევლებს და ამავდროულად გაცნობოთ იმ გადაწყვეტილების შესახებ, რაც ჩვენმა გუნდმა მიიღო. მეორე ტურში ჩვენთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა. ჩვენ ვემიჯნებით რუსულ სცენარს, სააკაშვილისა და ვარშალომიძის მობრუნებას. ამიტომ, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, სრული შემადგენლობით ვტოვებთ პარტიის აჭარის ორგანიზაციას, მათ შორის ხულოს, ხელვაჩაურის, ბათუმის, ქობულეთის ხელმძღვანელები“, – განაცხადა რაულ თავართქილაძემ.