გიგი წერეთელი - მიუღებელია ძალადობა და ფორმები, რომელიც იყო, ამის გამართლება ან ნიკა მელიას ანგარიშსწორებაზე გადატანა სწორი არ იქნება
გიგი წერეთელი - მიუღებელია ძალადობა და ფორმები, რომელიც იყო, ამის გამართლება ან ნიკა მელიას ანგარიშსწორებაზე გადატანა სწორი არ იქნება

მიუღებელია ძალადობა და ფორმები, რომელიც იყო, ამის რაღაცნაირად გამართლება ან ამ ამბის ჩვენი კოლეგის, ნიკა მელიას, ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის ანგარიშსწორებაზე გადატანა ვფიქრობ, სწორი არ იქნება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიგი წერეთელმა განაცხადა პარლამენტში საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავენ.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, რაც უნდა თქვან პოლიტიკოსებმა, მომხდართან დაკავშირებით მოქალაქეებს თავიანთი მოსაზრება აქვთ.

„ჩვენ დღეს რაც არ უნდა ვთქვათ, ათიათასობით ადამიანს და უფრო მეტს საქართველოში, ამ მოვლენებთან დაკავშირებით თავის მოსაზრება აქვს. მიუღებელია ის ძალადობა და ფორმები, რომელიც იყო. ამის რაღაცნაირად გამართლება ან ამ ამბის გადატანა ჩვენი კოლეგის, ნიკა მელიას, ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის ანგარიშსწორებაზე ვფიქრობ, სწორი არ იქნება. ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს, ეს ჩვეულებრივი გადაწყვეტილება არ არის. ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა, მათ შორის პარლამენტის პრესტიჟისთვის და პარლამენტის დისკრედიტაციისთვისაც ძალიან მძიმე იქნება ამგვარი მიდგომები“, – განაცხადა წერეთელმა.

ამასთან, როგორც მან სხდომაზე აღნიშნა, ახლანდელი თუ წარსული დროიდან ფაქტების გახსენება დაუსრულებლად შეიძლება.

„არც იმ დროს დაელევა რამე სათქმელი, შენიშვნა და დარღვევა და არ ამ დროში არის არის, როგორც ვხედავ. ამიტომ საჭიროა არგუმენტირებულად ამის წარმოდგენა. ეს სურათი ვერანაირად გათავისუფლდება პოლიტიკური მოტივირებისგან. ძალიან რთულია, რის დამტკიცებასაც ჩვენი კოლეგები აპირებენ. არავითარი სახელმწიფო გადატრიალება. მოდი, ვთქვათ, რამდენჯერ იყო ნახსენები სახელმწიფო გადატრიალება ამ წლების განმავლობაში, სადმე რამე ნატამალი ბუნებაში არსებობდა? საქმე რამდენჯერ აღიძრა, რამე არსებობდა? ასეთი რამ არასდროს ყოფილა. რა რევანშზეა საუბარი, როცა ოპოზიცია ამ ხნის განმავლობაში არჩევნებს სამართლიანი პრინციპითა და ხელისუფლებაში მოსვლას არჩევნების გზით ითხოვს. ეს რევანშია?“, – განაცხადა დეპუტატმა სხდომაზე.

მისი თქმით, ოპოზიცია მხოლოდ არჩევნებზე საუბრობს და არა, ძალადობრივ მეთოდებზე.

„ჩვენ ყოველთვის არჩევნებზე ვლაპარაკობთ და არანაირ სხვა ძალადობრივ მეთოდებზე. მშვიდობიანობა იყო ყოველთვის მთავარი პრინციპი“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ამასთან, მან კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დამსწრე პროკურატურის წარმომადგენლებს ორი კითხვა დაუსვა – ვინ არიან მთავარი მოწმეები და რა ინფორმაციას ფლობს პროკურატურა ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, მას პარლამენტში შეხვედრა შესთავაზეს.

„ორი ამბავი გახმოვანდა და მაინტერესებს პროკურატურის ინფორმაცია ამის შესახებ. ერთი – მოწმეებთან დაკავშირებით, ვინ არიან მთავარი მოწმეები. მეორე – რაც მელიამ განაცხადა, ძალიან სერიოზული ამბავია, რომ მას შესთავაზეს და სთხოვეს პარლამენტში შეხვედრა. ამ ამბავს ასე ნუ გავაიოლებთ, შეხვედრა თხოვა ვინ? პრაქტიკულად, სახელმწიფოს ყველაზე მთავარმა და უმაღლესმა პირებმა. მინდა, პროკურატურას ვთხოვო, გვითხრან რა ინფორმაცია აქვთ ამის თაობაზე“, – განაცხადა გიგი წერეთელმა კომიტეტის სხდომაზე.