გიგი უგულავასა და ბიზნესმენ ალექსანდრე გოგოხიას საქმეზე დაცვის მხარის მოწმე დაიკითხა
უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავასა და ბიზნესმენ ალექსანდრე გოგოხიას სასამართლო პროცესზე დღეს დაცვის მხარის მოწმე დაიკითხა.
მოწმე დავით ბარამიძე ამბობს, რომ სპორტის სასახლეში გიგი უგულავასა და ბიზნესმენ გიორგი კაპანაძეს შორის ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით დანაშაულის შემცველი საუბრის შინაარსი არ მოუსმენია.
სპორტის სასახლეში დანაშაულებრივ სქემაზე საუბრის შესახებ ჩვენება ბრალდების მხარის მოწმემ, ბიზნესმენმა გიორგი კაპანაძემ წინა სხდომაზე მისცა.
„ჩვენ ერთის მხრივ ვხედავთ, როგორ ძალადობენ ხელისუფლების მიერ წაქეზებული ძალადობრივი ჯგუფები გიგი უგულავაზე, დღეს ამის მკაფიო მაგალითი იყო. მეორეს მხრივ კი, ვხედავთ, როგორ ასამართლებენ გიგი უგულავას საქმეზე, სადაც მთავარი მოწმე ცრუპენტელა გიორგი კაპანაძეა. მოწმე დავით ბარამიძემ ჩვენებაში აღნიშნა, რომ მთელი დღე საკალათბურთო მოედანზე გაატარა გიგი უგულავასთან და გიორგი კაპანაძესთან ერთად. მისი თქმით, ყურიც კი არ მოუკრავს, რომ გიგი რაღაცაზე კაპანაძეს ემადლიერებოდა, ან კაპანაძე გიგის რამეში დაეხმარა და ამაზე საუბარი ყოფილიყო, რის შესახებაც კაპანაძემ წინა პროცესზე განაცხადა“, – აღნიშნა სხდომის დასრულების შემდეგ გიგი უგუილავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.
საქმის პროკურორის შეფასებით, დღევანდელი მოწმის ჩვენება არსებითი მნიშვნელობის არ არის. რაც შეეხება შეკითხვას, რატომ არ არის პასუხისგებაში მიცემული გიორგი კაპანაძე, პროკურორმა განმარტა, რომ მან უგულავასთან დანაშაულის შემცველი საუბრის შემდეგ, გამოძიებასთან ითანამშრომლა.
დღევანდელ სასამართლო პროცესს გიგი უგულავა არ დასწრებია.
ალექსანდრე გოგოხიასა და გიგი უგულავას ფულის გათეთრებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ამასთან, გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება ამავე საქმეში „სითი პარკის“ ეპიზოდზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ე.წ. მარნეულის ეპიზოდზე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და იძულებასაც ედავება.
გიგი უგულავასა და ალექსანდრე გოგოხიას ბრალდების საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 23 დეკემბერს, 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.