გიგი უგულავა - ტინი კოქსი არ არის საქართველოს მოყვარული და პარტნიორი, ის ყოველთვის რუსეთის „პულკაში“ მოიაზრებოდა
გიგი უგულავა - ტინი კოქსი არ არის საქართველოს მოყვარული და პარტნიორი, ის ყოველთვის რუსეთის „პულკაში“ მოიაზრებოდა

ტინი კოქსი არ არის საქართველოს მოყვარული და პარტნიორი, მთელი ოცწლიანი საქმიანობის მანძილზე, ევროსაბჭოსთან ვისაც ჰქონია ოდნავ შეხება მაინც, ყველამ იცის, რომ ის ყოველთვის რუსეთის „პულკაში“ მოიაზრებოდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელზე, დეპუტატ ტინი კოქსზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „საქართველოს ხელისუფლებას ტყუილად ჰგონია, რომ კოქსს პარტნიორად გამოიყენებს“.

„შემიძლია, ვისაუბრო კოქსზე, მაგრამ იმან იმაზე რაღაც თქვა, ამაზე თქვენ ისაუბრეთ. რბილად შემიძლია ვთქვა, რომ კოქსი არ არის საქართველოს მოყვარული და პარტნიორი. საქართველოს ხელისუფლებას ტყუილად ჰგონია, რომ პარტნიორად გამოიყენებს. უფრო მეტიც, მთელი ოცწლიანი საქმიანობის მანძილზე, ევროსაბჭოსთან ვისაც ჰქონია ოდნავ შეხება მაინც, ყველამ იცის, რომ ის ყოველთვის რუსეთის „პულკაში“ მოიაზრებოდა. ამიტომ, ჩვენს ხელისუფლებას იწილო-ბიწილოზე კი არ უნდა ჰქონდეს რეაქცია და იმან იმაზე თქვაო, სტრატეგია უნდა ააწყოს, თუ მართლა პროდასავლურია და არა პრორუსულია, რომ ასეთი გამოწვევის პირობებში ისე იმუშაოს, რომ ნაკლები ზიანი მივიღოთ იმ პირისგან, ვისგანაც ზიანს აუცილებლად მიიღებს ჩვენი სახელმწიფო“, – განაცხადა უგულავამ.

ამასთან, კითხვაზე, რატომ გამოუშვა ევროსაბჭომ საქართველოში კოქსი, უგულავამ აცხადებს, რომ „ევროსაბჭოში ბევრი ისეთი ქვეყანა შედის, რომელიც საქართველოსა და თავისუფალ სამყაროს სკეპტიკურად უყურებს“.

„ეს ჩვეულებრივია ამბავია, ეს პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია იქ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ იმან თქვა და ამან, არ ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის კარგი იქნება ხვალ და ზეგ. ეს უნდა ესმოდეს მთავრობას, თუ რეალურად საქართველოს მთავრობაა და რუსეთის ფილიალი არ არის“, – განაცხადა უგულავამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ჰოლანდიელ დეპუტატს, რომელიც საქართველოში არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა რუსეთის აგენტი უწოდა.  აღნიშნულ განცხადებას კი დღეს, „ქართული ოცნების“ წევრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა.  

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, დეპუტატი ტინი კოქსი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა. დელეგაციის ხელმძღვანელის შეფასებით, „მისალოცია, რომ მშვიდობიანად გაიმართა არჩევნები, რაც ყოველთვის არ ხდება“. ამასთან, მისივე თქმით, კენჭისყრისა და მომდევნო დღეს დემონსტრაციები არ არის მომწიფებული დემოკრატიისა და იმის ნიშანი, რომ პატივს სცემ ამომრჩევლის გადაწყვეტილებას.