ჩვენ გვყავს უმცირესობაში დარჩენილი, აგრესიული, ბოღმისგან და წერისგან ატანილი მთავრობა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა ვიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებაზე, რომ კოაბიტაციას უნდა ჰქონდეს დასასრული.
გიგი უგულავა აღნიშნული განცხადების გამო თეა წულუკიანს მწვავედ აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის შურისძიებამ არის დააბრმავა.
„კოაბიტაცია ნიშნავს თანაარსებობას და სამწუხაროა, რომ იუსტიციის მინისტრი იმდენად დაბნელებულია თავისი ქვენა ინსტიქტებით, შურისძიებითა და ბოღმით, ვერც ხვდება, რომ სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირი ძრახავს მოქალაქეებისა და განსხვავებული აზრის თანაარსებობას. ეს კატასტროფის ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს უმცირესობაში დარჩენილი, აგრესიული, ბოღმისგან და წერისგან ატანილი მთავრობა, რომელიც სახიფათოა ქვეყნისთვის“, – განაცხადა უგულავამ.
უგულავას თქმით, თანაარსებობა არის აუცილებელი.
„სანამ ჩვენ ქვეყანაში არ ვისწავლით თანაარსებობას, როდესაც სხვადასხვა შტოებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები შეიძლება, მართავდნენ და ჩვენ კანონის ფარგლებში ცივილიზებულად ვთანამშრომლობთ, სწორედ ეს განასხვავებს ოპოზიციას, განსაკუთრებით „ევროპულ საქართველოს“ „ქართულო ოცნებისგან“. პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ თანაარსებობა თუნდაც მარგინალურ „ოცნებასთან“, აუცილებელია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლობის შეფასებით, თეა წულუკიანი თანაარსებობას ებრძვის.
„ივანიშვილმა მოსპო ნდობა, წულუკიანი ებრძვის თანაარსებობას. მინდა, შევახსენო ამ პატიოსან გვამს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ჰქვია, თქვენ თუ თანაარსებობას გამორიცხავთ, ეს ნიშნავს – მოსახლეობის დაახლოებით 70 პროცენტს ეუბნებით, რომ არსებობის უფლება არ გაქვთ ქვეყანაშიო. კარგად დაფიქრდით, რას ამბობთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.