გიგი უგულავა - საერთაშორისო პოლიტიკაში შავი სიები ურჩი დიქტატორობისკენ მიდრეკილი მმართველებისთვის უფრო და უფრო მზარდ ინსტრუმენტად იქცა
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციის მიერ ე.წ. შავი სია ძირითადად სამი მიმართულებით მუშავდება.
უგულავას განმარტებით, პირველი ეხება პოლიტიკოსებს, რომლებიც მართლმსაჯულების გაყალბებასა და პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში იქნებიან მხილებულნი.
ამასთან, უგულავას თქმით, მნიშვნელოვანი აქცენტი უნდა გაკეთდეს ყველა იმ მოსამართლის, პროკურორის, თუ გამომძიებლის მიმართ, რომლებიც გაყალბებაში, საქმეების შეკერვასა და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში არიან მხილებულნი.
„აქ გამოიყოფა სამი ძირითადი კომპონენტი. პირველი – პოლიტიკური დონე, ის პოლიტკოსები, ხელისუფლების წარმომადგენლებს ვგულისხმობ, რომლებიც მართლმსაჯულების გაყალბებასა და პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში იქნებიან მხილებულნი. აქ იგულისხმება უმაღლესი თანამდებობის პირები და აშ. აქ მუშაობა სხვა სპეციფიკას მოითხოვს, სხვა დონეა და სხვა დრო სჭირდება, თუმცა ეს არის ის სამუშაო, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ. თუმცა უფრო რეალისტური არის და უფრო სწრაფი იქნება მეორე კომპონენტი, ყველა მოსამართლე, ყველა პროკურორი, გამომძიებელი, რომელიც გაყალბებაში, საქმეების შეკერვასა და მართმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში არის მხილებული, მათ მიმართ უნდა გაკეთდეს მთავარი და სწრაფი აქცენტი. მესამე კომპონენტი – მსხვერპლი პოლიტიკური დევნის, შანტაჟისა და მართმსაჯულების, იქნება დაპატიმრებული თუ სხვა მხრივ რეპრესირებული ადამიანები. ამ სამი მიმართულებით მუშავდება, სამივე სხვადახვა სპეციფიკას მოითხოვს, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ სანქციის ქვეშ მოყვებიან ის პროკურორები და მოსამართლეები, შემდეგში უკვე თუ ივანიშვილი ბოლომდე გონს ვერ მოეგება, ივანიშვილიც მოყვება შავ სიაში“ ,- განაცხადა უგულავამ.
ამასთან, უგულავას განცხადებით, შავი სიები თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკაში უფრო და უფრო მზარდ ინსტრუმენტად გადაიქცა ურჩი დიქტატორობისკენ მიდრეკილი მმართველებისთვის.
„ჯერჯერობით სია არ არსებობს, სახელები ყველამ იცის, თუმცა ამას ჭირდება დამუშავება, ფაილების მიმაგრება, რომლებიც მათ საგმირო საქმეებს აღწერს“ ,- განაცხადა გიგი უგულავამ.
ოპოზიციის „პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი ინტერპარტიული კომისიის“ წევრების განცხადებით, „პოლიტიკური დევნის მსხვერპლთა სია“8 იანვარს გამოქვეყნდება. მათივე განცხადებით, გარდა მსხვერპლებისა, ე.წ. შემსრულებლების და გადაწყვეტილებების მიმღებთა სიის ფორმირებაც მოხდება, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებს გაუგზავნიან და მათგან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.