გიგი უგულავა - „ომეგა ჯგუფის“ საქმეში ლევან ყიფიანი არის პაიკი და მხოლოდ სიბრალულს იმსახურებს
ლევან ყიფიანი არის პაიკი ამ ისტორიაში პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ამიტომ ყიფიანი, მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა, ამ ისტორიაში მხოლოდ სიბრალულს იმსახურებს, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
გიგი უგულავას თქმით, ლევან ყიფიანის გუშინდელი მონაყოლი შეთითხნილი ვერსიაა. მისივე განცხადებით, ლევან ყიფიანს ამ ისტორიაში ვანო ჩხარტიშვილის როლზე არ უსაუბრია, რომელიც ასევე ფიგურირებს ჩანაწერებში.
„ისეთი საცოდაობა ვიხილეთ, რაც არ უნდა ნეგატიურად იყო განწყობილი, შეგეცოდებოდა. რაც შეეხება შინაარსს, ოდნავ დეტალური ანალიზისას გამოჩნდება ის შავი ხვრელი, რაც ამ შეთითხნილ ვერსიას აქვს. მაგალითად, თუ ის ერთად არის დადგმული და ერთი მსახიობის თუ ორი მსახიობის თეატრი იყო ჩაფიქრებული, ვანო ჩხარტიშვილი თავის ფოლკლორით სად იყო? შეგახსენებთ. ლევან ყიფიანის საუბრები ამ ისტორიაში არ არის ყველაზე მძიმე. ყველაზე მძიმე საუბარი არის ვანო ჩხარტიშვილის, რომელიც ალაგებს სქემას, რომლის მიხედვითაც, ყოველი გაყიდულ სიგარეტიდან საქართველოში ორ-ნახევარი თეთრი მიდის პარტია „ქართული ოცნების ჯიბეში. მოგწონთ თუ არ მოგწონთ „ქართული ოცნება“, ვინც ეწევით, გამოდის, რომ ყველანი აფინანსებთ „ქართულ ოცნებას“. ეს მანკიერი სისტემა შექმნა ვანო ჩხარტიშვილმა, სავარაუდოდ ივანიშვილის დავალებით და ფარცხალაძის მონაწილეობით. ამაზე პასუხს ყიფიანის გუშინდელი განცხადება არ იძლევა. ყიფიანი არის პაიკი ამ ისტორიაში პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ამიტომ ლევან ყიფიანი, მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა, ამ ისტორიაში მხოლოდ სიბრალულს იმსახურებს. შეუძლებელია, შეტენო ყველაფერი ლევან ყიფიანს, სულ რომ მან შეიტენოს, ფაქტები საპირისპიროს მეტყველებენ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერების გამოძიების საქმეზე საქალაქო სასამართლოში გუშინ გამოიკითხა. ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ ზაზა ოქუაშვილის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ოქუაშვილს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად სჭირდებოდა. რაც შეეხება ბანკს, ყიფიანმა განაცხადა: „მე ბანკში ვიმყოფებოდი, თანხის გატანა მოხდა „ოჯთ“-ის, თუ „ბე-ემ-ვეს“ ოფისში, სად წავიდა ეს ფული, ჩემთვის უცნობია“.